Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

60% გვექნება, ყველას მოვუწოდებ ცესკოს შედეგების აღიარებისკენ - პრემიერი


პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ დღის ბოლოს ხმების 60% ექნება და ოპოზიციურ პარტიებს ამ შედეგების აღიარებისკენ მოუწოდებს.

„ცესკოს შედეგების აღიარებისკენ მოვუწოდებთ ყველას... ვაღიარებთ იმას, რასაც ცესკო დადებს. ეს იქნება ოცნების 60%-იანი მხარდაჭერა“, - განაცხადა მან დილის 08:50-ზე, საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ,

ჟურნალისტების კითხვაზე, წინსწრებით როგორ შეუძლია, ასეთი შედეგი ივარაუდოს, პრემიერმა თქვა, რომ ეყრდნობა პარტიის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების და „კარდაკარის” და ასევე კომპანია „გორბის” გამოკითხვის შედეგებს.

სხვა კვლევების მიხედვით, „ქართული ოცნების” მხარდაჭერა დაახლოებით 34-35%-ია და არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს კოალიციის შექმნის შესაძლებლობა ექნებათ.

საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით ირჩევენ.

პარლამენტის მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მაინც.

ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით აძლევს. ხმის უფლების მქონე მოქალაქე ბიულეტენზე მოცემული 18 პოლიტიკური პარტიიდან ირჩევს ერთს, რისთვისაც შესაბამისი პარტიის წინ არსებული წრის შიდა სივრცე უნდა გააფერადოს.

ე.წ. ძველი წესით, ანუ სასურველი ერთი პარტიის ნომრის შემოხაზვით ხმას აძლევს ამომრჩევლების 10%. ეს ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდეგ გაციფრულდება.

  • 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ია.
  • ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმას მისცემს 3 113 747.
  • გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია.
  • უცხოეთის სახელმწიფოებში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებშია 95 910 ამომრჩეველი.
  • გახსნილია 3 111 საარჩევნო უბანი, მათგან საქართველოში 3 044 უბანი (მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი - 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში)
  • საზღვარგარეთ 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანია.
  • ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე ტარდება. დანარჩენ უბნებზე, ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ვენდორი კომპანიის გამოცდილებით, რომელიმე ელექტრონული აპარატის მწყობრიდან გამოსვლის ალბათობა მინიმალურია, თუმცა, შემუშავდა რისკების პრევენციისა და მართვის დოკუმენტი და მთავარია, რომ არცერთ შემთხვევაში კენჭისყრა არ შეწყდება.

საარჩევნო პროცესს აკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი. აკრედიტებულია 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.

კენჭისყრა 20:00 საათზე დასრულდება, თუმცა ამ დროისთვის რიგში დარჩენილ ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG