Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე მორიგი დაპირისპირება იყო


ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანი
ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანი

ზუგდიდის 67-ე ოლქის მე-9 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის, დონა ბერიშვილის განცხადებით, დილიდან უბნის კომისიისთვის ხელის შეშლის მიზეზით, ჯამში, ოთხი დამკვირვებელია გაძევებული.

ესენი არიან: ირაკლი კვარაცხელია “სამართლიანი არჩევნებიდან”, ფატმან ნინუა “მესხეთის სამოქალაქო საზოგადოებიდან”, ეკა შამუგია “ლელოდან” და მარიამ სიჭინავა - “კოალიცია ცვლილებებისთვის”.

მარიამ სიჭინავამ უბანზე დაპირისპირების ვიდეო ფეისბუკზე გაავრცელა, სადაც ის “ქართული ოცნების” დამკვირვებელს, თეიმურაზ ჯოჯუას შენიშვნას აძლევს და ეუბნება, რომ ის უხეშად ერევა კომისიის მდივნის და თავმჯდომარის მუშაობაში, - მათ მიუთითებს, ვინ უნდა გააძევონ და ვინ უნდა დარჩეს დამკვირვებლად უბანზე.

მარიამ სიჭინავას განცხადებით, ეს არის უბანი, სადაც სხვადასხვა ორგანიზაციის სახელით თითქოს დამკვირვებლად რეგისტრირებული არიან “ქართული ოცნების” აქტივისტები და თავად წარმართავენ უბანზე საარჩევნო პროცესებს.

“ესენი არ ემორჩილებიან არავის. მათ შორის, არც საოლქო კომისიის წევრ ნანა ოყუჯავას, რომელმაც პარტიული დირექტივის გაცემის გამო კომისიის თავმჯდომარეზე და კომისიის მდივანზე გასცა შენიშვნა. ამის მიუხედავად, მათ გააგრძელეს დირექტივების გაცემა. ამის შემდეგ მოხდა სრულიად უმიზეზოდ ჩემი გაძევება. არაფერს არ ვაშავებდი. ვიყავი ზუსტად 2 წუთის შესული. მათ ზუსტად იციან, ვინ უნდა გააძევონ. აძევებენ პარტიების და იმ ორგანიზაციების დამკვირვებლებს, რომლებიც მათ რეალურად აკვირდებიან”, - უთხრა მარიამ სიჭინავამ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, მე-9 უბანთან დილიდან არიან მობილიზებული “ძველი ბიჭები”, რათა ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებზე ზეწოლა მოახდინონ.

თავის მხრივ, უბნის თავმჯდომარე ამბობს, რომ მარიამ სიჭინავა და სხვა გაძევებული დამკვირვებლები რეგისტრატორებს ხელს უშლიდნენ მუშაობაში და ამ გადაწყვეტილების მიზეზიც მხოლოდ ეს იყო:

“ხმაურობდნენ. მთელი დღეა ამ გოგოს პირი არ გაუჩერებია. მივიდა მდივანთან, ჩართო კამერა, მდივანი ჟურნალს უღებს. ჩართო ფოტო-ვიდეოგადაღება. ამბობდა - მე მაქვსო უფლება. ასე არ შეიძლება, პარტია რომ უშვებს წარმომადგენელს, კარგად უნდა დაატრენინგოს და ისე შემოუშვას… ესენი არიან გადამზადებული იმაში, რომ ხმაური და ქაოსი შექმნან”, - თქვა უბნის თავმჯდომარემ.

ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანი დევნილთა დასახლების ეზოშია განთავსებული. აქ დილიდან, დამკვირვებლებს შორის, დროდადრო რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია და კენჭისყრის პროცესი გრძელდება.

ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ცნობით, 12 საათის მონაცემებით, რეგისტრირებული 116 ათას 526 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 23 ათას 133-მა. 12 საათისთვის რეგისტრირებულია 5 საჩივარი. მესხის სიტყვებით, ყველა მათგანი პროცედურულ დარღვევებს ეხება და გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების შედეგებზე.

არჩევნები 2024

26 ოქტომბერს, 08:00 საათზე საქართველოში დაიწყო ხმის მიცემა საპარლამენტო არჩევნებში, რომელშიც 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.

საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით ირჩევენ.

პარლამენტის მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მაინც.

ქვეყნის ისტორიაში პირველად ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით აძლევს. ხმის უფლების მქონე მოქალაქე ბიულეტენზე მოცემული 18 პოლიტიკური პარტიიდან ირჩევს ერთს, რისთვისაც შესაბამისი პარტიის წინ არსებული წრის შიდა სივრცე უნდა გააფერადოს.

ე.წ. ძველი წესით, ანუ სასურველი ერთი პარტიის ნომრის შემოხაზვით ხმას აძლევს ამომრჩევლების 10%. ეს ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდეგ გაციფრულდება.

  • 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ია;
  • ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმას მისცემს 3 113 747;
  • გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია;
  • უცხოეთის სახელმწიფოებში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებშია 95 910 ამომრჩეველი;
  • გახსნილია 3 111 საარჩევნო უბანი, მათგან საქართველოში 3 044 უბანი (მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი - 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში);
  • საზღვარგარეთ 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანია;
  • ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე; ტარდება. დანარჩენ უბნებზე, ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ვენდორი კომპანიის გამოცდილებით, რომელიმე ელექტრონული აპარატის მწყობრიდან გამოსვლის ალბათობა მინიმალურია, თუმცა, შემუშავდა რისკების პრევენციისა და მართვის დოკუმენტი და მთავარია, რომ არცერთ შემთხვევაში კენჭისყრა არ შეწყდება.

საარჩევნო პროცესს აკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი. აკრედიტებულია 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.

კენჭისყრა 20:00 საათზე დასრულდება, თუმცა ამ დროისთვის რიგში დარჩენილ ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG