Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა ბეირუთის გარეუბნებზე და ჰეზბოლას ობიექტებზე მიიტანა იერიში შუა ლიბანში - აცხადებს არმია


ისრაელის არმიის თავდასხმის შემდეგ ნანგრევებში ეძებენ ადამიანებს. სოფელი აალმათი, ლიბანი. 10 ნოემბერი, 2024 წელი
ისრაელის არმიის თავდასხმის შემდეგ ნანგრევებში ეძებენ ადამიანებს. სოფელი აალმათი, ლიბანი. 10 ნოემბერი, 2024 წელი

ისრაელის სამხედროებმა 12 ნოემბერს საჰაერო იერიში მიიტანეს ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე და ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეტევა განახორციელეს ჰეზბოლას კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის თავდასხმებმა ლიბანის შუაგულში 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ისრაელის არმიამ დაახლოებით ათამდე დარტყმა მიაყენა სამხრეთის გარეუბნებს. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ სოციალური მედიის გზით გააფრთხილეს მშვიდობიანი მოსახლეობა. არსებული ცნობით, ისრაელის არმიამ დაარტყა ბეირუთის დაჰიეს რაიონს და გაანადგურა ჰეზბოლას სარაკეტო ობიექტების უმეტესობა.

ჰეზბოლას აშშ ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს, მისი სამხედრო ფრთა ევროკავშირშიც ტერორისტულადაა აღიარებული. ჰეზბოლას პოლიტიკური ნაწილის წარმომადგენლები ლიბანის პარლამენტის წევრები არიან.

ისრაელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ჰეზბოლა განზრახ ერევა მშვიდობიან მოსახლეობაში და მას ცოცხალ ფარად იყენებს, რასაც ჰეზბოლა უარყოფს.

ამავე დროს, ისრაელის პოლიციამ თქვა, რომ ჩრდილოეთ ისრაელში, ნაჰარიაში, ორი ადამიანი დაიღუპა საცხოვრებელ შენობაზე თავდასხმის შედეგად. მოგვიანებით ჰეზბოლამ აიღო პასუხისმგებლობა დრონით თავდასხმაზე, რომლის სამიზნე იყო სამხედრო ბაზა ნაჰარიას აღმოსავლეთით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG