Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააპელაციო საარჩევნო დავას მხარეთა დასწრების გარეშე განიხილავს


2024 წლის საპარლამენტო არჩევნები
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები

თბილისის სააპელაციო სასამართლო საარჩევნო უბნების 90%-ის ბათილად გამოცხადების საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე, ანუ მხარეთა დასწრების გარეშე განიხილავს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრეს სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფარულობის დარღვევის გამო უბნების უმრავლესობაზე შედეგების გაბათილებას მოითხოვს.

სხდომა დღეს, 16:00 საათზეა დანიშნული. საქმეს განიხილავს მოსამართლეთა კოლეგია თამარ ონიანის, ილონა თოდუასა და ნანა ჭიჭილეიშვილის შემადგენლობით.

„ამით საზოგადოებას არ აქვს იმის შესაძლებლობა, ნახოს რა ხდება სხდომათა დარბაზში; კითხვებს პასუხობს თუ არა მხარე; რამდენად სამართლიანია მოსამართლე; როგორ კითხვებს სვამს; მტკიცებულებებს იკვლევს თუ არა. ამ დაკვირვების შესაძლებლობა საზოგადოებას არ ექნება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ და დასძინა, რომ საქმეს მაღალი საჯარო ინტერესი აქვს.

თბილისის სააპელაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას განიხილავს - პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელები. ისინი საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას მოითხოვდნენ. პროცესზე მოსარჩელეებმა 11 შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლე ივერი აბაშიძემ არცერთი არ დააკმაყოფილა.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ამტკიცებს, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მონიშვნის გამოჩენის გამო, ყველა ელექტრონულ უბანზე დაირღვა ამომრჩეველთა ხმის ფარულობა და შედეგები უნდა გაუქმდეს.

იმავეს ამტკიცებენ ოპოზიციური პარტიები „ძლიერი საქართველო“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“. დამატებით, პარტიები მიუთითებენ, რომ არჩევნებზე იყო სხვა დარღვევებიც: მოსყიდვა, დაშინება, დამკვირვებლების საქმიანობაში ხელშეშლა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG