Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის მერი აცხადებს, რომ დედაქალაქზე დრონებით შეტევა მოიგერიეს


ფოტო არქივიდან. მოსკოვის ოლქში დრონებით შეტევის შედეგად დამწვარი ავტომობილი. 2024 წლის 10 ნოემბერი
ფოტო არქივიდან. მოსკოვის ოლქში დრონებით შეტევის შედეგად დამწვარი ავტომობილი. 2024 წლის 10 ნოემბერი

მოსკოვის ოლქში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოყარეს. ამის შესახებ დღეს, 18 ნოემბერს, გამთენიისას განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა.

ადგილობრივი დროით 05:00 საათისთვის სობიანინმა ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის ოლქის ქალაქ რამენსკოეში ჩამოაგდეს დრონი, რომელიც დედაქალაქისკენ მიფრინავდა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ სობიანინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა მეორე ცნობა, რომ მოსკოვისკენ მიმავალი დრონი ჩამოაგდეს პავლოვსკი-პოსადშიც.

მოსკოვის მერის წინასწარი მონაცემებით, დრონების ნამსხვრევებს ხმელეთზე ნგრევა არ მოჰყოლია და არავინ დაშავებულა. სხვა წყაროებით ეს ცნობები დადასტურებული არ არის.

მოსკოვის ოლქის ქალაქი პავლოვსკი-პოსადი რუსეთის დედაქალაქიდან აღმოსავლეთში, დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობს, ხოლო რამენსკოე - სამხრეთ-აღმოსავლეთში, დაახლოებით 20 კილომეტრში.

მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო 10 ნოემბერსაც.

განახლება: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში გაანადგურეს 59 უკრაინული დრონი, მათგან 45 ბრიანსკის ოლქში, 6 - კურსკში, 3-3 - ბელგოროდის და ტულის ოლქებში და 2 - მოსკოვის ოლქში. სამინისტრო არაფერს იუწყება ხმელეთზე შედეგების შესახებ.

საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.

უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის რეგიონებს დრონებით თითქმის ყოველდღე უტევენ. უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე კანონიერ სამიზნეებად აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG