მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის სუმის ოლქზე რუსეთის ჯარების მორიგ შეტევას.
დრონებით თავდასხმა გასულ ღამით განხორციელდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დარტყმა იყო ქალაქ გლუხოვში მდებარე საერთო საცხოვრებელზე.
სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ დღეს, 19 ნოემბერს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 6 ადამიანი, მათ შორის ბავშვი.
დაჭრილია 12 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
19 ნოემბერს 1000 დღე გავიდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან. ომმა უკვე იმსხვერპლა ათეულ ათასობით უკრაინელის სიცოცხლე და მილიონობით დევნილად აქცია.
- რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
- პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
- უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
- 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
- 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
- უკრაინას მიზნად გამოცხადებული აქვს ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა.
- პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.
ფორუმი