Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია ამბობს, რომ ცხელ ხაზზე 12 დემონსტრანტის დაკავების შესახებ შევიდა ინფორმაცია


დემონსტრანტის დაკავება მელიქიშვილის გამზირზე, 19 ნოემბერი, 2024.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ დროისათვის, ორგანიზაციის ცხელ ხაზზე 12 დაკავებულის შესახებ შევიდა ინფორმაცია:

„ადვოკატები მათი ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობენ, არავის დავტოვებთ ადვოკატის დახმარების გარეშე", - წერს ნონა ქურდოვანიძე.

დაკავებულების შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია შინაგან საქმეთა სამინისტროს.

დღეს დილით, საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.

აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.

საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარალელურად შსს-მ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.

შსს-ს თანახმად, შეკრების მონაწილეებს აზრის და პროტესტის გამოსათქმელად საკმარისი დრო მიეცათ, ამიტომ ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის, კომუნალური სერვისების ნორმალურად ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის უზრუნველსაყოფად აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, ტერიტორია კონსტრუქციებისგან გაათავისუფლონ.

ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქციის შეწყვეტაზე უარი თქვეს.

პოლიციამ ტერიტორიიდან კარვები აიღო და აქციის მონაწილეები იძულებით გაიყვანა მელიქიშვილის გამზირისკენ. ამ ტერიტორიაზე სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციელებმა დააკავეს აქციის მონაწილეები.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა.

ამ შედეგებით, მე-11 მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი აქვს, ხოლო ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას - ჯამში 61 მანდატი:

  • „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 19 მანდატი;
  • „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 16 მანდატი;
  • „ძლიერი საქართველოს“ – 14 მანდატი;
  • „გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებს მხოლოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.

ევროკავშირი და აშშ საქართველოს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG