როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე, აქტივისტი ილია სეთური აღნიშნავს, მხოლოდ დღეს გაიგო, რომ პოლიცია გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება და ამ საქმეზე სასამართლო პროცესიც ჩაინიშნა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში იგი ამბობს, რომ ამის შესახებ პროცესამდე მხოლოდ 3 საათით ადრე შეიტყო.
"მედავებიან გზის ხელოვნურად გადაკეტვას. დღეს, დაახლოებით 12:00 საათისთვის დამიკავშირდნენ საპატრულო პოლიციიდან. გამაფრთხილეს, რომ მქონდა სასამართლო პროცესი. ჩემი პასუხი იყო, იქნებ გაგეფრთხილებინეთ წინა დღით მაინც-მეთქი. ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო", - ამბობს ილია სეთური.
იგი 15:00 საათისთვის დანიშნულ სხდომაზე ადვოკატის თანხლებით მივიდა. სეთური ამბობს, რომ პროცესზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მტკიცებულების სახით ორი დისკი მიიტანეს, თუმცა მოსამართლემ მათი დათვალიერება ვერ შეძლო:
"15 საათზე იყო სხდომა ჩანიშნული. საპატრულო პოლიციიდან სამი გოგო იყო წარმოდგენილი. მე, რა თქმა უნდა, ჩემი ადვოკატით გამოვცხადდი. შემდეგ მედავებოდნენ, რომ გზა გადავკეტე ხელოვნურად საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. როგორც ვიხსენებ, 10 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე, სადაც ხალხის დიდი რაოდენობა იყო, მეც მათთან ერთად ვიყავი, ხოლო როცა შეცოტავდა ხალხის რაოდენობა, ამ დროს ვიყავი ტროტუარზე. მტკიცებულების სახით ორი დისკი წარმოადგინეს, ერთი დისკი არ გაიხსნა, ხოლო მეორე ცარიელი იყო. მოსამართლემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა ამისთვის, მაგრამ ვერ გახსნეს და შემდეგი პროცესი ორი დღით გადადეს".
სეთურის განცხადებით, შსს-ს ასეთი ქმედება "ახალგაზრდების დაშინების მცდელობაა".
"როგორც რუსული კანონის აქციების დროს იბარებდნენ ახალგაზრდებს სასამართლო პროცესზე და აჯარიმებდნენ, იმავე მეთოდებით ცდილობს "ქართული ოცნება", რომ ახალგაზრდები და აქციის მონაწილეები დაიბარონ სასამართლო პროცესებზე და დააჯარიმონ, შეუქმნან დისკომფორტი. ჩვენ მაინც არ გავჩერდებით და ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ", - ამბობს ის.
კიდევ ერთი აქტივისტი, ქეთა დაუდიშვილი, ამბობს, რომ ამავე საქმეზე მასაც დღეს დაუკავშირდნენ. რადიო თავისუფლებასთან კომენტარში იგი ჰყვება, რომ პოლიციამ ისიც დღეს დაიბარა სასამართლოში, თუმცა როგორც მისმა ადვოკატმა გაარკვია, პროცესი 27 ნოემბერს გაიმართება.
"დღეს დილით აქციაზე ვიყავი, როდესაც პოლიციიდან დამირეკეს და დამიბარეს სამმართველოში. მითხრეს, რომ სასამართლოში მქონდა პროცესი. ამის შემდეგ საიას ["ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას"] დავუკავშირდი და როგორც ადვოკატმა გაარკვია, სასამართლო პროცესი არა დღეს, არამედ 27 ნოემბერს, 3:20 საათზე არის ჩანიშნული. მედავებიან [ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის] 174 პრიმა მუხლს. ეს ეხება 10 ნოემბერს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გზის გადაკეტვას", - ამბობს აქტივისტი და სადავო ეპიზოდის დღეს იხსენებს:
"ჯგუფ "დაიტოვეს" ჰქონდა აქცია. მსვლელობა გვქონდა თავისუფლების მოედნიდან ევროპის მოედნამდე და გავჩერდით მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. ეს ის დღეა, როდესაც აქციის მონაწილეების ერთი ნაწილი ერთ სანაპიროზე გადავიდა, მეორე ნაწილი კი - მეორე სანაპიროზე, ბოლოს კი შევერთდით ევროპის მოედანზე".
ორი კვირის წინ გამართულ აქციაზე გზის გადაკეტვის საქმეზე იბარებენ კიდევ ერთ მოქალაქეს, ნინო ჩილაშვილს. ამის შესახებ მან ფეისბუკის ჯგუფ "დაიტოვეში" დაწერა. ჩილაშვილის თქმით, მისი პროცესიც 27 ნოემბერს არის ჩანიშნული.
"სასამართლოში დამიბარეს სანაპიროზე გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით. 27.11-ში", - წერს ის.
ამ საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ კომენტარისთვის რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. მიღების შემთხვევაში, მათი პასუხი ტექსტში აისახება.
10 ნოემბერს თბილისში გაიმართა აქცია-მსვლელობა, რა დროსაც საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. მსვლელობა 19:20 საათზე დაიწყო თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით.
აქციის ორგანიზატორი იყო ჯგუფი „დაიტოვე“, რომელიც „აგენტების კანონის“ მიღების პერიოდში ფეისბუკში შექმნეს მოხალისეებმა, რათა დედაქალაქში მიმდინარე აქციებზე დასწრება რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებსაც შესძლებოდათ.
აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. მათ საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.
ფორუმი