შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლა დაიწყო.
პოლიციამ წყლის ჭავლის მანქანა გამოიყენა პარლამენტის ერთ-ერთ გვერდითა ქუჩაზე, ჭიჭინაძის ქუჩაზე.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა 5°C-ია. ქრის ქარი. iPhone-ის ამინდის აპლიკაციის თანახმად, ისე ცივა, როგორც -1°C-ის პირობებში.
დაშლას წინ უძღოდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის რამდენიმესაათიანი დაძაბულობა და შიგადაშიგ დაპირისპირება ჭიჭინაძის ქუჩაზე.
პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეის იყენებდა.
დემონსტრანტების მხრიდან პოლიციის მიმართულებით ისროლეს კვერცხები და სხვადასხვა საგანი.
დემონსტრანტები და პოლიცია ერთმანეთს აგინებდნენ.
პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს რამდენიმე ადამიანზე.
შსს აცხადებს, რომ აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს.
„სამართალდამცველთა მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებებისა, აქციის წევრები ფიზიკურად უპირისპირდებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ სამართალდამცველებს. ასევე, მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის საგნებს, რის შედეგადაც დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმა თანამშრომელმა. აქედან ორი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი“, - წერს სამინისტრო.
გრძელდება სპონტანური საპროტესტო აქცია, რომელიც მოჰყვა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერებაზე.
ფორუმი