Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

PACE "მკაცრად გმობს სასტიკ ზეწოლას მშვიდობიან დემონსტრაციებზე თბილისში"


 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ლოგო
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ლოგო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) კომიტეტმა 29 ნოემბერს ლუქსემბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა საგანგებო განცხადება, რომელშიც შეშფოთებაა გამოთქმული საქართველოში შექმნილ ვითარებაზე - მთავრობის მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებაზე უარის გამო, მისი საარჩევნო დაპირებების საწინააღმდეგოდ. "ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს იმ რეფორმების გატარებაზე, რომლებიც არსობრივია საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერებისთვის და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებისთვის", - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ასამბლეა მკაცრად გმობს სასტიკ ზეწოლას თბილისში მშვიდობიან დემონსტრაციებზე, როგორც გამოხატვისა და შეკრების ფუნდამენტური თავისუფლებების ხელყოფას. ტექსტში აღნიშნულია, რომ დემონსტრაციები იმართება ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ.

შემდეგ განცხადებაში ვკითხულობთ:

"ასამბლეა ასევე შეშფოთებით აღნიშნავს, რომ დემონსტრანტთა უმრავლესობა დაკავებულ იქნა და ბრალი წარედგინა კამათის საგნად ქცეული, საბჭოთა პერიოდის ადმინისტრაციულ დანაშაულთა კოდექსით და იხსენებს, რომ მან ბევრჯერ ითხოვა ამ კანონის შეცვლა ახალი, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი კანონით.

ეს შემაწუხებელი მოვლენები კიდევ უფრო შემაშფოთებელია 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე - გარემო, რომელშიც არჩევნები ჩატარდა, არ ქმნიდა საჭირო პირობებს საიმისოდ, რომ ამომრჩეველს „გაეკეთებინა ინფორმირებული, დათრგუნვისა და არამართებული ზეწოლისგან თავისუფალი არჩევანი“, როგორც ნათქვამია გუშინ გავრცელებულ, არჩევნებზე დამკვირვებელთა ანგარიშში.

ასამბლეა საქართველოს მოუწოდებს, დარჩეს ევროპული ღირებულებების ერთგული და სრულად დაიცვას ნაკისრი ვალდებულებები და პირობები, როგორც ევროსაბჭოს წევრმა სახელმწიფომ".

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ასამბლეა მზადაა გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან, დემოკრატიულ ძალებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, განსაკუთრებით ახალგაზრდობასთან.

საქართველოს არჩევნების შესახებ ანგარიშს ასამბლეა 2025 წლის იანვრის სხდომაზე განიხილავს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG