Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

HRW ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მკაცრ ზომებს მიმართოს


საპროტესტო აქციის მე-13 დღე თბილისში, რუსთაველის გამზირზე. 2024 წლის 10 დეკემბერი
საპროტესტო აქციის მე-13 დღე თბილისში, რუსთაველის გამზირზე. 2024 წლის 10 დეკემბერი

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

ორგანიზაციის ევროპის და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებული დირექტორის გიორგი გოგიას და ადვოკატირების ხელმძღვანელ ისკრა კიროვას შეფასებით, საქართველოში სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის ფონზე, საპროტესტო აქციებზე მთავრობის სასტიკი რეაქცია ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კიდევ უფრო გართულების საფრთხეს ქმნის.

Human Rights Watch-ის წარმომადგენელთა განცხადებით, ევროკავშირმა დაგმო საქართველოს ხელისუფლების რეპრესიული ქმედებები, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯების დრო დადგა. ევროკავშირმა უნდა მიაღწიოს ძალადობის დამოუკიდებელ გამოძიებას ევროპის საბჭოს და გაეროს ექსპერტების მიერ, რომლებმაც უნდა შეისწავლონ ძალის უკანონო გამოყენება, თვითნებური დაკავებები და სასტიკი მოპყრობის და წამების მზარდი მტკიცებულებები.

ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები

რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:

„ვისაც არ დაეზარა, მუშტებს და წიხლებს მირტყამდა,15-20 წუთს გრძელდებოდა ეს ცემა“ - აქციაზე დაკავებული პროგრამისტი
„აბჯრიანმა რობოკოპმა მითხრა, ერთი-ერთზე ვიჩხუბოთ, ხმას რო არ იღებ, რომ გცემენ, ვითომ მაგარი ბიჭი ხარო?“
მესმოდა „თავში ურტყით!“, „მოკალით!“ - როგორ სცემეს აქციაზე მეღვინე ძმებს
„დეტექტივი კარნახობდა, აგერ არის სხვა ოქმი და ეს გადაწერეო“ - გიორგი ბაგრატიონი აქციაზე დაკავების ამბავს ჰყვება
გაუპატიურების მუქარა აქციაზე ყოფნის გამო - 26 წლის ქალი საკუთარ გამოცდილებას ჰყვება
„შემიყვანეს ექიმის ოთახში, სადაც კამერები არ არის. მითხრეს გაიხადეო. გავიხადე. ტრუსიკი ჩაიწიეო. ჩავიწიე. მერე ჩაიკუზეო. ჩავიკუზე“.
19 წლის ნიკას დაკავების ორი ვერსია - რა ქნეს რუსთაველზე და რა თქვეს სასამართლოზე პოლიციელებმა
"ძალადობა" მათთან ერთად, ვისაც არასდროს შეხვედრიხარ - მძიმე ბრალდებები და არაადამიანური მოპყრობა რევაზ კიკნაძის საქმეში
"ნახევარი თმა დამცვივდა პოლიციელის მაგიდაზე " - თორნიკე ჭელიძე დაკავების და 7-დღიანი პატიმრობის ამბავს იხსენებს
„ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - როგორ დააკავეს სვანიძეები
„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის თანახმად, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიაღწიონ კონსენსუსს საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირების სანქცირების საკითხში და სავიზო შეზღუდვები დაუწესონ მთავრობის თანამდებობის პირებს და დიპლომატებს.

Human Rights Watch-ის წარმომადგენელთა განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირების პარალელურად ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიერ დემოკრატიის დაცვის მხარდაჭერა.

უფლებადამცველი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ქართველ ხალხს, რომელიც ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, ევროკავშირის ლიდერებმა მორალურზე გაცილებით მეტი მხარდაჭერა უნდა გაუწიონ და საჭიროა კონკრეტული და გადამწყვეტი ნაბიჯები, რათა ადამიანის უფლებათა სფეროში შექმნილი კრიზისის შემდგომი ესკალაცია აღიკვეთოს.

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ამასთან, „ქართული ოცნება" ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ახალ არჩევნებს მოითხოვენ.

საპოლიციო ძალებმა თბილისში, საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციების მონაწილეთა დასაშლელად არაერთხელ გამოიყენეს წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი, რაც შსს-ს თანახმად, საჭირო გახდა დემონსტრანტების მიერ ძალის გამოყენების და სამართალდამცავებზე თავდასხმების გამო. ამასთან, პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა აქციის არაერთ მშვიდობიან მონაწილეს.

აქციების დაწყების შემდეგ, 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 400-მდე პირი. ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG