„დიახ, რა თქმა უნდა. ეს ნეგატიურად აისახება, ძალიან სამწუხარო ფაქტია. ისიც ვთქვი, რომ მე დარწმუნებული ვარ, ამისი საფუძველი გვაქვს, რომ ამ მდგომარეობას შევცვლით, გამოვასწორებთ [აშშ-ის], ახალ ადმინისტრაციასთან გვექნება, ჩემი მოლოდინით, დარწმუნებული ვარ ამაში, მჭიდრო, კარგი თანამშრომლობა, ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა განახლდება და ავა ხარისხობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე...
ძალიან ბევრი საერთო მოგვცემს წინაპირობას, იმის საფუძველს, რომ ჩვენ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვქონდეს ამერიკის ადმინისტრაციასთან 2025 წელს. ამიტომ ეს ვითარებაც გამოსწორდება, ინვესტორების აღქმა იქნება პოზიტიური და შევინარჩუნებთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას“, - თქვა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების კუთხით კლება იყო 2024 წლის მესამე კვარტალშიც - ასეთი დაბალი მაჩვენებელი არ ყოფილა 2009 წლის შემდეგ თითოეული წლის იმავე პერიოდში.
დღეს ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეხვედრა ბიზნესმენებთან ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელდა. შეხვედრა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო დაინიშნა.
უკვე 26 დღეა თბილისსა და სხვა ქალაქებში არ წყდება აქციები, სადაც მოსახლეობა აპროტესტებს მმართველ პარტიაში, „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება მომდევნო ოთხი წელი აღარ დააყენებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
პროტესტის 22-ე დღეს, 19 დეკემბერს, გვიან საღამოს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი იყო, სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის („ხარებას„) მოადგილეს, მირზა კეზევაძეს. ორივე მათგანი გლობალურ „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანეს.
მანამდე რამდენიმე საათით ადრე, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და უწყების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ დაუწესა სანქციები.
ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, სანქციებს უწესებენ, რადგან ისინი პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე.
სანქცირებული არიან:
- ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი;
- ალექსანდრე დარახველიძე - შსს-ის მინისტრის პირველი მოადგილე;
- სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
- ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;
- მილერი ლაგაზაური - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის მოადგილე.
თბილისში აქციები 28 ნოემბერს დაიწყო. ამ დროის განმავლობაში პოლიციამ დააკავა 400-ზე მეტი ადამიანი, მათგან 30-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. პოლიცია ძალადობდა მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე - ძალადობის ბრალდებით არცერთი მათგანი არ დაუკავებიათ.
ფორუმი