სირიის ამჟამინდელმა დე ფაქტო ლიდერმა აჰმედ ალ-შარამ 24 დეკემბერს მეამბოხეთა ფორმირებების ყოფილ მეთაურებთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ეს დაჯგუფებები დაიშლება და ერთიანად იქნება კონსოლიდირებული თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით - იუწყება ახალი ადმინისტრაცია.
გასულ კვირაში სირიის პრემიერ-მინისტრი მუჰამედ ალ-ბაშირი აცხადებდა, რომ სამხედრო უწყება რესტრუქტურიზაციას უნდა დაექვემდებაროს და ამ პროცესმა უნდა მოიცვას მეამბოხეთა დაჯგუფებები და ის ოფიცრები, რომლებიც დეზერტირები იყვნენ ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის არმიაში.
სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, რომ ალ-შარა რთული ამოცანის წინაშეა, მან თავიდან უნდა აირიდოს შეტაკებები ასადის აწ უკვე დამხობილი რეჟიმის ბევრ მოწინააღმდეგეს შორის.
სირიის დროებით მთავრობაში თავდაცვის მინისტრად დაინიშნა მურჰაფ აბუ კასრა - ერთ-ერთი ხელმძღვანელი დაჯგუფებისა "ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი", რომელიც ასადის რეჟიმის დამხობის ძალისხმევის სათავეში იყო. აშშ-სა და ბევრ სხვა ქვეყანაში ამ ჯგუფს ტერორისტულად მიიჩნევენ. აჰმედ ალ-შარა ლიდერია ჯგუფისა "ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი".
ბოლო დღეებში დამასკში ჩასულ დასავლელ ოფიციალურ პირებთან საუბრებში აჰმედ ალ-შარა ირწმუნებოდა, რომ არ აპირებს შურისძიებას ყოფილი ხელისუფლების წევრებზე და არც რეპრესიების გატარებას რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ.
ფორუმი