Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანექსირებულ ყირიმში აღმოჩენილია ორი ახალი ადგილი, სადაც ნავთობპროდუქტებია დაღვრილი


მოხალისე მაზუთისგან ასუფთავებს ფრინველს ანექსირებულ ყირიმში, ქერჩის მოხალისეთა ცენტრში. 2024 წლის 24 დეკემბერი
მოხალისე მაზუთისგან ასუფთავებს ფრინველს ანექსირებულ ყირიმში, ქერჩის მოხალისეთა ცენტრში. 2024 წლის 24 დეკემბერი

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში აღმოჩენილია ორი ახალი ადგილი, სადაც ნავთობპროდუქტებია დაღვრილი - იუწყება რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტრო.

ქერჩში, ქალაქის სანაპიროს რაიონში "გამოვლენილია მცირედი დაბინძურება" 1,8 კილომეტრის ფართობზე, ტობეჩიკის ტბასთან - 2,1 კილომეტრის ფართობზე.

მანამდე სამინისტრო იუწყებოდა სანაპიროზე მაზუთის დაღვრის ახალ შემთხვევაზე ანაპის რაიონთან.

საერთო ჯამში, სამინისტროს მონაცემებით, მოხერხდა 73 ათას ტონამდე დაბინძურებული ქვიშის და გრუნტის გატანა.

სამაშველო სამსახურმა დაადგინა, რომ ტანკერების, "ვოლგონეფტების" ჩაძირულ ნაწილებში მაზუთის ოთხი კონტეინერია დაზიანებული. სპეციალისტების დათვლით, შავ ზღვაში გაჟონა 2,4 ათასამდე ტონა მაზუთმა. ეს არის მსოფლიოში პირველი ავარია "მძიმე", М100-ის ტიპის მაზუთით. უწყება ამბობს, რომ ამ ტიპის მაზუთი მყარდება +25℃ ტემპერატურაზე, ხოლო სიმკვრივით ის წყალივითაა ან უფრო მძიმე. სხვა ნავთობპროდუქტებისგან განსხვავებით, М100 წყლის ზედაპირზე არ ტივტივებს, ის ფსკერზე ჩადის ან წყალში დაცურავს.

15 დეკემბერს ათასობით ტონა დაბალი ხარისხის საწვავით დატვირთული ორი ტანკერი, „ვოლგონეფტ 212“ და „ვოლგონეფტ 239“ ჩაიძირა ქერჩის სრუტეში, ანექსირებული ყირიმის სანაპიროსთან. დაიღუპა ეკიპაჟის ერთი წევრი, სხვების ევაკუაცია მოხერხდა. ტანკერების ჩაძირვის ძირითად ვერსიებს შორის განიხილება ეკიპაჟის შეცდომა რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG