ზუგდიდში, პროევროპულ საპროტესტო აქციაზე, კიდევ ერთი აქტივისტი, მასწავლებელი მანანა მიქავა დააკავეს. მან პოლიციის სამმართველოსთან ფეიერვერკი გაისროლა.
მანანა მიქავამ ასე გააპროტესტა პარტია “დროას” წარმომადგენლის, მარიამ სიჭინავას და სამოქალაქო აქტივისტ კერენ ესებუას დაკავება. სიჭინავა და ესებუა პოლიციის სამმართველოდან წინასწარი დაკავების იზოლატორებში რამდენიმე წუთის წინ გადაიყვანეს.
მარიამ სიჭინავას ფოთის, კერენ ესებუას კი სამტრედიის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსებენ.
მანამდე ისინი საიას იურისტმა კესო ჩახაიამ მოინახულა. მისი ინფორმაციით, მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა დააკავეს 173-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და 174-პირველი პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც აქციაზე პიროტექნიკის გამოყენებას გულისხმობს.
დღეს პროევროპულმა აქციამ ზუგდიდში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლა.
აქციის მონაწილეებმა სცადეს გზა გადაეკეტათ პოლიციის მანქანისთვის, რომელმაც სამმართველოდან გამოიყვანა დაკავებულები, სიჭინავა და ესებუა.
ხელის შეშლის მცდელობის მიუხედავად, პოლიციამ გზა გაათავისუფლა.
აქცია სამმართველოსთან ამ წუთებშიც გრძელდება.
ფორუმი