Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში "არასასურველად" გამოაცხადეს პარიზში დაფუძნებული ფილოსოფიის დამოუკიდებელი ინსტიტუტი


რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ "არასასურველ" ორგანიზაციად გამოაცხადა პარიზში დაფუძნებული "ფილოსოფიის დამოუკიდებელი ინსტიტუტი".
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ "არასასურველ" ორგანიზაციად გამოაცხადა პარიზში დაფუძნებული "ფილოსოფიის დამოუკიდებელი ინსტიტუტი".

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ე.წ. არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა პარიზში დაფუძნებული "ფილოსოფიის დამოუკიდებელი ინსტიტუტი" (Institut de philosophie indépendаnt). ეს ცნობა უწყების ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.

"ე.წ. საინსტიტუტო თემთან მიერთებისთვის, სწავლული-ჰუმანიტარებისთვის აუცილებელია, ეწინააღმდეგებოდნენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას [ანუ რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრული მასშტაბით შეჭრას]", - ამტკიცებს პროკურატურა და აღნიშნავს, რომ ინსტიტუტი ატარებს "კონფერენციებს, რომლებზეც გამოდიან სამეცნიერო თემის რუსოფობიური და ანტირუსული იდეებისა და შეხედულებების მქონე წარმომადგენლები".

პროკურატურა ტელეგრამის არხზე უფრო მკვეთრი ენით წერს - იქ ირწმუნებიან, რომ ინსტიტუტმა "თავის ჭერქვეშ შეკრიბა მძვინვარე რუსოფობები, რუსეთის ხელმძღვანელობის პოლიტიკის აღვირახსნილი კრიტიკოსები და რუსეთის პოლიტიკის დასავლეთის მიერ ანგაჟირებული სხვა მამხილებლები".

"ფილოსოფიის დამოუკიდებელი ინსტიტუტის" ვებსაიტის თანახმად, სწავლული ჰუმანიტარების ეს საერთაშორისო ასოციაცია 2022 წლის ნოემბერში დააარსეს "რუსეთის ფილოსოფოსებმა, რომლებმაც რუსეთის ფედერაცია დატოვეს უთანხმოების გამო რუსეთის ხელმძღვანელობის პოლიტიკასთან - რასაც მოჰყვა ჰუმანიტარული კატასტროფა, უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შედეგად". ორგანიზაციის მისიად განსაზღვრულია "თავისუფალი ფილოსოფიური აზრის ხელშეწყობა რუსულ ენაზე", ერთ-ერთ მიზნად - "უკვე ემიგრირებული ან რუსეთიდან ამჟამად გამგზავრებული სწავლული-ჰუმანიტარების დახმარება პროფესიაში დასარჩენად". ინსტიტუტი აცხადებს, რომ ასოციაცია ორიენტირებულია რუსეთიდან წასული მკვლევრების ჩართვაზე საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში. ამასთან, საიტზე ნათქვამია, რომ ორგანიზაციას "არ აქვს პოლიტიკური ამოცანები და არ აწარმოებს პოლიტიკურ აგიტაციას".

ასოციაციის წევრებად დასახელებულია 100-ზე მეტი პირი.

რუსეთში ამა თუ იმ ორგანიზაციის "არასასურველად" გამოცხადება ნიშნავს მისი მუშაობის აკრძალვას რუსეთის ტერიტორიაზე. ასეთ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა შეიძლება დაისაჯოს ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი წესით. რუსეთის ხელისუფლებას ასობით საერთაშორისო ორგანიზაცია აქვს აღიარებული "არასასურველად", რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) ჩათვლით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG