შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, 25 იანვარს, მოხდა, თუმცა მედიისთვის ცნობილი გახდა დღეს, 29 იანვარს.
„დიდ მილთან ნოტიო ადგილია. უკნიდან შევიდა, როგორც ბიჭები ამბობენ. ისინი დაელოდნენ. ცოტა ხანში მისი ყვირილის ხმა გაიგეს. არ იცოდნენ, ექსტრემალურ სიტუაციაში როგორ დახმარებოდნენ.
წყალი, რომელიც იმ ამფითეატრის შენობაში იყო დაგროვებული, ზემოდან ბეტონს ჰგავდა და ფეხი დააბიჯა...
[ბავშვებმა ვერ შეძლეს დახმარება], როცა დასველდა ქურთუკი, ძალიან მძიმე იყო. მყვინთავებმა ამოიყვანეს“, - უთხრა 16 წლის იოსებ ადეიშვილის დედამ, ირინა ოროლოვამ "მთავარ არხს".
„ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში“, - აცხადებენ თბილისის მერიაში და დასძენენ, რომ არასწორია ინფორმაცია 16 წლის ბიჭის "რიყის პარკში" მდებარე ღია თხრილში ჩავარდნის შესახებ.
მოზარდის დაღუპვის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანის) მუხლით.
„რიყის დოქების“ მშენებლობა 2012 წელს დასრულდა. შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანზე ირიცხებოდა. თავდაპირველად იქ ხელოვნების ცენტრი და მუსიკისა და დრამის თეატრი უნდა განთავსებულიყო, მოგვიანებით კი ხელმოწერები გროვდებოდა შენობაში ღვინის მუზეუმის გახსნის მოთხოვნით.
წლების შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მისი გაყიდვა გადაწყვიტა.
„რიყის დოქები“ 2022 წლის 24 მარტს გასხვისდა. ის აუქციონზე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მეექვსე ცდაზე გაყიდა - ინვესტორს 14 591 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული ე.წ. „რიყის დოქებით“ 10 020 000 ლარად გადაეცა, რაც თავდაპირველ ღირებულებაზე თითქმის 10-ჯერ იაფი იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ „რიყის დოქები“ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა იყიდა.
ფორუმი