რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის აღმოსავლეთის ქალაქ იზიუმზე. ხარკოვის ოლქის აღმოსავლეთში, ფრონტისპირა ზოლში მდებარე ქალაქზე დარტყმას, სულ მცირე, ხუთი პირი ემსხვერპლა, დაშავდა ათობით ადამიანი, - იტყობინება საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
„მტრის თავდასხმა იზიუმზე. წინასწარი მონაცემებით, ოკუპანტებმა ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს“, - დაწერა ოლეჰ სინეგუბოვმა Telegram-ზე. მისი სიტყვებით, რუსეთის არმიამ დაარტყა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის ცენტრალურ ნაწილს.
ქალაქი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია, მასზე მომარაგების გზები გადის. თავიდან იტყობინებოდნენ 17 დაშავებულზე, მაგრამ მოგვიანებით მათი რიცხვი გაიზარდა 38-მდე, მათ შორის არის 15 წლის გოგოც.
ადგილობრივი ხელისუფლება აზუსტებს, რომ რაკეტა მოხვდა ადმინისტრაციულ შენობას და დააზიანა სხვა, იქვე მდებარე ადმინისტრაციული ობიექტი, ასევე მაღალსართულიანი სახლები. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის თანახმად, ამ რაიონში სამხედრო ობიექტები არაა განთავსებული.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ინციდენტის ადგილზე გრძელდება სამაშველო სამუშაოები.
მან სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულების ოჯახებს. „ასეთი სისასტიკე დაუშვებელია“ - წერს ზელენსკი Telegram-ზე, - საჭიროა რუსეთზე მოვახდინოთ ზეწოლა ყველა საშუალებით, სამხედრო ძალით, სანქციებითა და დიპლომატიური ძალისხმევით, რათა შეწყდეს ეს ტერორი და დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე.“
ფორუმი