Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრ სახლში გაიმართა ტრამპისა და ნეთანიაჰუს შეხვედრა


ფოტოკოლაჟი: ბენიამინ ნეთანიაჰუ (მარცხნივ) და დონალდ ტრამპი
ფოტოკოლაჟი: ბენიამინ ნეთანიაჰუ (მარცხნივ) და დონალდ ტრამპი

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ 4 თებერვალს თეთრ სახლში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს.

მათი საუბრის თემა იყო ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკება აშშ-ის პრეზიდენტის შეთავაზების ფონზე, პალესტინელები სამუდამოდ გადაასახლონ ომის შედეგად დაზარალებული ღაზის სექტორიდან, პალესტინელთა ტერიტორიიდან.

„ვისურვებდი, რომ მათთვის გაგვეკეთებინა რაღაც სასიამოვნო, რაღაც კარგი, რომ მათ უკან დაბრუნების სურვილი აღარ ჰქონდეთ“, - თქვა ტრამპმა ნეთანიაჰუსთან ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას. "რისთვის უნდა სურდეთ უკან დაბრუნება? იქ ჯოჯოხეთია", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა პალესტინელებისა და ღაზის სექტორის შესახებ, სადაც 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ მიმდინარე ომის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურებულია ინფრასტრუქტურა და შენობების 90 პროცენტი დანგრეულია.

ტრამპმა ადრე თქვა, რომ პალესტინელებს „მოეწონებათ“ მისი გეგმა ღაზის სექტორიდან მათი გადაყვანის და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში, მათ შორის ეგვიპტესა და იორდანიაში, გადასახლების შესახებ. ტრამპმა 4 თებერვალს ასევე განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს პალესტინელების სამუდამოდ გადასახლებას ღაზიდან იმ ადგილებში, სადაც მათ ძალადობის მიმართ შიშის გარეშე შეეძლებათ ცხოვრება. ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს უთხრა, რომ ის და მისი გუნდი განიხილავენ პალესტინელების განსახლების შესაძლებლობას იორდანიასთან, ეგვიპტესთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან.

ტრამპმა ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ იკისრებს კონტროლს ომით განადგურებულ ღაზის სექტორზე. "აშშ-ს ეყოლება ღაზა კონტროლის ქვეშ, და ჩვენ ჩავატარებთ იქ სამუშაოს. ჩვენ დავეპატრონებით მას. ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებელი ყველა არაფეთქებული ბომბის და სხვა იარაღისთვის ამ ტერიტორიაზე".

ტრამპმა თქვა, რომ სურს იხილოს ისეთი შეთანხმება, რომელიც ადამიანებს შეაძლებინებს "სამუდამოდ დასახლდნენ ლამაზ სახლებში, სადაც ისინი ბედნიერი იქნებიან და არ ესვრიან და არ დახოცავენ“.

ტრამპი ისრაელსა და ჰამასს (აშშ-სა და ევროკავშირში მიჩნეულია ტერორისტულ ორგანიზაციად) შორის ცეცხლის შეწყვეტას მიიწერს 15 თვეზე ხანგრძლივი ბრძოლისა და დაბომბვის შემდეგ და სავარაუდოდ, მოუწოდებდა ნეთანიაჰუს, გადასულიყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ეტაპზე, რომელიც მიზნად ისახავს უფრო ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას.

როდესაც AFP-მა ჰკითხა, რამდენად ოპტიმისტურად იყო განწყობილი ცეცხლის შეწყვეტის მეორე ფაზაზე გადასვლის თაობაზე, ნეთანიაჰუმ უპასუხა, რომ „შეეცდებიან“.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ტრამპისეულ გეგმას ღაზის სექტორში შეუძლია "ისტორია შეცვალოს".
ნეთანიაჰუმ ტრამპს მიმართა, რომ ის არის "ყველაზე დიდი მეგობარი, რომელიც ოდესმე ჰყოლია ისრაელს თეთრ სახლში".

ეგვიპტემ და იორდანიამ კატეგორიულად უარყვეს ტრამპის წინადადება პალესტინელების ღაზიდან გადასახლების შესახებ. ტრამპის იდეა დაგმეს ასევე ღაზის სექტორის მცხოვრებლებმა.

ისრაელმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში მოლაპარაკების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გააგზავნა ჯგუფი შუამავალ კატარში, რათა განიხილონ შეთანხმების მეორე ეტაპი. ჰამასმა განაცხადა, რომ 4 თებერვალს დაიწყო მოლაპარაკებები მეორე ეტაპისთვის, რომ ყურადღება გამახვილდა "თავშესაფარზე, დახმარებასა და რეკონსტრუქციაზე".

ცეცხლის შეწყვეტის პირველი ექვსკვირიანი ეტაპის განმავლობაში, ჰამასმა და ისრაელმა დაიწყეს ღაზაში მყოფი მძევლების გაცვლა ისრაელის საპატიმროში მყოფ პალესტინელებზე. 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასმა იერიში მიიტანა ისრაელის სამხრეთის არეალზე, რის დროსაც 250 მძევალი გაიტაცეს. მათგან 76 ჯერ კიდევ პალესტინელთა ტერიტორიაზეა, ხოლო 34, ისრაელის სამხედროების თქმით, დაღუპულია, წერს AFP-ი.

ტრამპმა და ნეთანიაჰუმ ილაპარაკეს ასევე საუდის არაბეთის და ისრაელის ურთიერთობაზე. საუდის არაბეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებაზე საუბრის დროს, ისრაელის პრემიერმა განაცხადა, რომ "მშვიდობა ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის არა მხოლოდ შესაძლებელია, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება".

ვაშინგტონის შეხვედრის თემაა ასევე ირანი, რომელიც მხარს უჭერს ჰამასს და ლიბანის ჰეზბოლას. 4 თებერვლის შეხვედრის წინ ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის ძალით, განახლდება „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკა ირანის მიმართ.

AFP-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც 19 იანვარს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შევიდა ძალაში, ისრაელმა საომარი ოპერაცია პალესტინელი მებრძოლების წინააღმდეგ პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირის ჩრდილოეთ რეგიონში დაიწყო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG