Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IAEA-მ ჩერნობილის რეაქტორზე თავდასხმის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა


ფოტო არქივიდან: IAEA-ს დირექტორი რაფაელ გროსი კიევში, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ ჰერმან გალუშჩენკოსთან ერთად. 6 თებერვალი, 2024 წელი
ფოტო არქივიდან: IAEA-ს დირექტორი რაფაელ გროსი კიევში, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ ჰერმან გალუშჩენკოსთან ერთად. 6 თებერვალი, 2024 წელი

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე რეაქტორის "სარკოფაგზე" უპილოტო თვითმფრინავის დარტყმის შედეგებზე ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.

IAEA-ს დირექტორმა რაფაელ გროსიმ შეაქო მეხანძრეები, რომლებმაც დრონის ჩამოვარდნის შემდეგ გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება სწრაფად მოახერხეს. გროსიმ აღნიშნა, რომ IAEA-ს ექსპერტებს მიეცათ ავარიის ადგილზე შეუფერხებელი წვდომის საშუალება.

უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის გამო, დამცავი კონსტრუქციის სახურავზე დაზიანდა ორფენიანი დაცვის როგორც გარე, ასევე შიდა ფენები, გარკვეული აღჭურვილობა და ელექტროკაბელები.

სააგენტოს ცნობით, რადიაციას არ გაუჟონია.

IAEA-ს ექსპერტებს ასევე აჩვენეს ჩამოვარდნილი დრონის ნაშთები, რომლებსაც უკრაინელი სპეციალისტები ექსპერტიზას უტარებენ. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელობა ავარიის ადგილზე დამატებითი რადიაციული სენსორების დაყენებას გეგმავს, თუმცა განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ეს შეუძლებელია, სანამ დრონის ჩამოვარდნის ადგილზე ხანძარი სრულად არ ჩაქრება.

IAEA-ს დირექტორმა მომხდარს "ძალიან სერიოზული" უწოდა. „როგორც არაერთხელ ვთქვი მთელი ამ საშინელი ომის განმავლობაში, ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმები სრულიად მიუღებელია“, - თქვა მან. გროსიმ ასევე აღნიშნა, რომ შეშფოთებულია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიდამოში საომარი მოქმედებების მზარდი ინტენსივობით.

14 თებერვალს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის "სარკოფაგს" დაეცა ძლიერფეთქებადი საბრძოლო მასალის მქონე დრონი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თვითმფრინავი რუსული იყო. რუსეთმა უარყო, რომ ატომურ სადგურებს ესხმის თავს.

დამცავი სტრუქტურა ფარავს ნარჩენებს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკისა, რომელიც აფეთქდა 1986 წელს.

ჩერნობილის ავარია კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ბირთვული კატასტროფა იყო და მას დიდი მსხვერპლი მოჰყვა. 1986 წლის ბოლოს აფეთქებული რეაქტორის ირგვლივ აშენდა პირველი დამცავი, თანამედროვე და უფრო გამძლე „სარკოფაგი.“ მის შიგნით მდებარე ელექტროსადგურის ნაშთები განაგრძობს რადიაციის ძლიერ გამოსხივებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG