Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ ბადრი ჯაფარიძეს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

ბადრი ჯაფარიძე - „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი.
ბადრი ჯაფარიძე - „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პარტია „ძლიერი საქართველოდან“ ბადრი ჯაფარიძეს 50 000-ლარიანი გირაოს გადახდა შეუფარდა. ამით მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურამ ბრალი წაუყენა „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო - მას, ისე, როგორც მის თანაგუნდელ მამუკა ხაზარაძეს, 25 მარტს ელოდნენ, როცა გამოკითხვა ტარდებოდა შპს „მაგნატის“ საქმეზე. იმის გამო, რომ ისინი მოქმედი პარლამენტის ლეგიტიმურობას არ ცნობენ, სხდომაზე არ გამოცხადდნენ.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელიც, ამავდროულად, არის კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანმა მათი საქმეები გამოსაძიებლად პროკურატურას გაუგზავნა.

ბადრი ჯაფარიძეს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე, - „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის“ მუხლით ბრალი 4 აპრილს წაუყენეს. იმავე მუხლით წაუყენეს ბრალი 1 აპრილს მის თანაგუნდელ მამუკა ხაზარაძესაც. მას აღკვეთის ღონისძიებად 50 000-ლარიანი გირაო 2 აპრილს შეუფარდეს.

ორივე მათგანს ჯარიმის დაკისრება ან ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომისიის შესახებ

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შემსწავლელი კომისიის შექმნაზე „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 9 იანვარს ისაუბრა. მამუკა მდინარაძის თქმით, კომისია შეისწავლიდა:

  • საპატიმროებში პატიმართა წამების საქმეებს;
  • ადამიანების მკვლელობის, ძალადობის, პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევებს;
  • კორუფციას და ბიზნესზე ზეწოლას, მედიასაშუალებების მისაკუთრებას;
  • 2008 წლის აგვისტოს ომის „დაწყების აღიარებას“ და „ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებას“;
  • მდინარაძემ აღნიშნა, რომ „2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები“.

კომისია სამი თვის ვადით 5 თებერვალს შეიქმნა, რასაც მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ 83-მა წარმომადგენელმა. კომისიაში სულ რვა წევრი მუშაობს:

„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და პარტიისთვის „მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენის“ გამოტანა იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება, რისთვისაც პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა ჰქონდა განზრახული, რაც ვერ მოახერხა.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG