Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრ გელა ხასაიას 12 დღით პატიმრობა შეუფარდეს


გელა ხასაიას, რომელიც 31 მარტს დააკავეს და შემდეგ გამოუშვეს, დღეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.
გელა ხასაიას, რომელიც 31 მარტს დააკავეს და შემდეგ გამოუშვეს, დღეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

ზურაბ ჯაფარიძის პარტიის, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრს, აქტივისტ გელა ხასაიას, დღეს სასამართლომ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

იგი სხდომათა დარბაზშივე დააკავა პოლიციამ.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა გამოაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში. იგი 2024 წლის 1 ოქტომბრიდან არის მოსამართლე, - მანამდე 6 წლის განმავლობაში მოსამართლის თანაშემწე იყო.

გელა ხასაია 31 მარტს დააკავეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. პოლიცია მისი ჩანთის ჩხრეკას ითხოვდა და ამას „გარეგან დათვალიერებას“ უწოდებდა.

„მოგვიწევს, რომ გადაგიყვანოთ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. მეტს ვერ გეტყვით ვერაფერს... გვაქვს გონივრული ეჭვი“, - უთხრა მაშინ ერთ-ერთმა პოლიციელმა ჟურნალისტებს.

გელა ხასაიამ თქვა, რომ თანახმა იყო, მისი ჩანთა გარედან დაეთვალიერებინათ, რასაც „გარეგანი დათვალიერება“ მოიცავდა. ის ცდილობდა გაერკვია, რატომ მოითხოვდნენ მისი ჩანთის ჩხრეკას, რა დროსაც მოულოდნელად დააკავეს.

თავდაპირველად ადგილზე მყოფმა პოლიციამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხასაია პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავდათ, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის კი არ „გადაიყვანეს“, არამედ დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ამის შემდეგ გელა ხასაია 2 აპრილს გამოუშვეს იზოლატორიდან.

იზოლატორიდან გამოშვების შემდეგ მან თქვა, რომ მისი არაერთხელ დაკავების შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად პირველად მოხდა, რომ მთლიანად არ გააშიშვლეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG