Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი მიიჩნევს, რომ ჰამასს ყოფილი მძევლებისგან მადლობა ეკუთვნის


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კრემლში მიიღო პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასის ყოფილი მძევლები, ისრაელის და რუსეთის მოქალაქე ალექსანდრ ტრუფანოვი და მისი ოჯახის წევრები.

შეხვედრის ამსახველ ვიდეოში, რომელიც კრემლის პრესსამსახურმა დღეს, 17 აპრილს გაავრცელა, პუტინი არ ახსენებს სიტყვებს მძევალი, მძევლობა ან ტყვეობა.

„ის, რაც დაგემართათ, დიდი უბედურებაა“, - მიმართა პუტინმა აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის ყოფილ მძევლებს და ისიც უთხრა, რომ მათი გათავისუფლება შედეგია იმ „სტაბილური და მრავალწლიანი ურთიერთობის“, რომელიც რუსეთს აქვს „პალესტინელ ხალხთან და მის წარმომადგენელ სხვადასხვა ორგანიზაციასთან“.

„ვფიქრობ, მადლობის სიტყვები უნდა ვუთხრათ ჰამასის პოლიტიკური ფრთის ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ შემხვედრი ნაბიჯი გადმოდგეს და ჩაიდინეს ეს აქტი, ჰუმანიტარული აქტი, თქვენ გაგათავისუფლეს“, - უთხრა პუტინმა ყოფილ მძევლებს. მან იმედი გამოთქვა, რომ გათავისუფლდება ყველა ადამიანი, რომელიც „ამ მდგომარეობაში“ იმყოფება.

ალექსანდრ ტრუფანოვი, მისი ცოლი საპირ კოენი, დედა ელენა ტრუფანოვა და ბებია ირინა ტატი იყვნენ იმ 250-ზე მეტ მძევალს შორის, რომლებიც ჰამასის შეიარაღებულმა ჯგუფებმა 2023 წლის ოქტომბერში გაიტაცეს ისრაელზე თავდასხმისას და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. მამა, ვიტალი ტრუფანოვი თავდასხმისას მოკლეს.

ქალები მძევლად აყვანიდან 53 დღეში გაათავისუფლეს, ხოლო ალექსანდრ ტრუფანოვი - 2025 წლის თებერვალში. მან ჰამასის ტყვეობაში თითქმის 500 დღე გაატარა.

ისრაელის მონაცემებით, ჰამასის მძევლად რჩება 59 ადამიანი, რომელთაგან ცოცხალია, სავარაუდოდ, 24.

ისრაელის სამხრეთზე ჰამასის თავდასხმას, 1200 ადამიანის დახოცვას და 250-ზე მეტის მძევლად აყვანას პასუხად მოჰყვა ღაზის სექტორში ისრაელის არმიის ფართომასშტაბიანი ოპერაცია, რომელმაც დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. პალესტინური მხარის მონაცემებით, დაღუპულია 47 000-ზე მეტი ადამიანი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG