პოლიციელები სხდომაზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მივიდნენ და ერთმანეთის მიყოლებით მდგომი სკამების პირველი ორი რიგი დაიკავეს, რის გამოც სხვიტარიძის ახლობლებისთვის ადგილი აღარ დარჩა. პოლიციელები ჟურნალისტებს ეუბნებოდნენ, რომ „დაინტერესებული პირები“ იყვნენ და სხდომაზე დასწრება სურდათ.
დაპირისპირებულ მხარეებს შორის მანდატურის თანამშრომლები ჩადგნენ.
„ჟურნალისტებს არ უშვებდით და ჩვენ არ გვიშვებდით. რვა პოლიციელი რა უბედურებაა?!“ - მიმართავდა საბა სხვიტარიძის ახლობელი მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს.
მდგომარეობის განსამუხტად მოსამართლემ 15-წუთიანი შესვენება გამოაცხადა. მისი გადაწყვეტილებით, სხდომათა დარბაზში დაუშვეს დაკავებულის ოჯახის წევრები და ყველა ის ადამიანი, რომლებიც საქმის განხილვას სისტემატურად ესწრებიან.
სხდომა მას შემდეგ განახლდა, რაც პოლიციელებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.
აქტივისტი საბა სხვიტარიძე 2024 წლის 5 დეკემბერს, გვიან ღამით დააკავეს, მანამდე რამდენიმე საათით ადრე თავისუფლების მოედანზე მომხდარი დაპირისპირების გამო. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ის ხელკეტით თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და თავის არეში მიაყენა დაზიანება. პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ოპოზიციის შეხვედრის პარალელურად, გარეთ შეიკრიბა შავებში ჩაცმული უცნობი პირების ჯგუფი.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აღქმით, ისინი იყვნენ ე.წ. ტიტუშკები, რომლებიც ხელისუფლებამ პოლიტიკოსების წინააღმდეგ დარაზმა.
სხვიტარიძეს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან, რომელიც გულისხმობს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ამ ბრალდებით მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
იმის მიუხედავად, რომ პროევროპული აქციების დაშლის დროს პოლიციამ ათობით მოქალაქესა და ჟურნალისტზე იძალადა, არცერთი მოძალადე სამართალდამცავი ამ დრომდე არ არის დაკავებული.
ფორუმი