Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხულოს მერიაში ხელფასმა დაიგვიანა


ხულოს მერიაში ადასტურებენ ცნობებს ხელფასების დაგვიანების შესახებ.
ხულოს მერიაში ადასტურებენ ცნობებს ხელფასების დაგვიანების შესახებ.

აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში, მარტის ხელფასებმა დაიგვიანა. ადგილობრივ მედიასთან საუბარში ამის მიზეზად მერი „დღგ-ს ნაწილში პრობლემას“ ასახელებს.

ინფორმაცია ხელფასების დაგვიანების შესახებ თავდაპირველად გამოცემა „აჭარა თაიმსმა“ გამოაქვეყნა.

გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საჯარო მოხელეებს, მათ შორის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულებს, ანაზღაურება დაახლოებით 20 დღის დაგვიანებით ჩაერიცხათ, მიზეზად კი მერიამ მათ დაუსახელა ბიუჯეტში ფინანსური რესურსების არარსებობა.

რადიო თავისუფლება ესაუბრა ხულოს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს დაბა ხულოში, ლერი თავართქილაძეს.

მან დაგვიდასტურა, რომ პირადად მასაც დაუგვიანდა ხელფასის აღება, თუმცა დაახლოებით 10 დღით - ხელფასი 28 მარტს უნდა აეღო და მხოლოდ 8 აპრილისთვის დაერიცხა ანგარიშზე.

„დაგვიანდა და შემდეგ დამისვეს, - გვითხრა მან, - მიზეზზე არაფერი ვიცი“.

ხულოს მერმა ჯამბულატ მელაძემ „აჭარა თაიმსს“ დაუდასტურა შეფერხება და უთხრა, რომ „ორ ეტაპად“ გასცეს ხელფასები.

„დღგ-ს ნაწილში რაღაც პრობლემა იყო, შემოვიდა და მერე გავეცით შემოსავალი“, - თქვა მერმა.

ხულოს მერს რადიო თავისუფლებაც დაუკავშირდა. დაახლოებით 12:00 საათზე, - სამუშაო დროს, - მან ჩვენს კითხვაზე პასუხად თქვა, რომ გასვენებაში იმყოფება და ყურმილი გაგვითიშა. მოგვიანებით ზარზე აღარ უპასუხია.

ლერი თავართქილაძე ამბობს, რომ ხელფასმა უბრალოდ დაიგვიანა - მისი ხელფასი ერთ ტრანშად ჩაირიცხა.

რადიო თავისუფლება მერის კიდევ ორ წარმომადგენელს ესაუბრა, თუმცა მათ გვითხრეს, რომ ხელფასი ჩვეულებრივ ჩაერიცხათ.


„ბიუჯეტს შეფერხება არ აქვს“ - მინისტრის მოადგილე

პარალელურად, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე უარყოფს ცნობებს ბიუჯეტში შეფერხებებთან დაკავშირებით.

„ბიუჯეტის შესრულებას დღეის მდგომარეობით არანაირი შეფერხება არ აქვს და პირიქით, გადაჭარბებით არის შესრულებული. ნებისმიერი მცდელობა, წარმოაჩინონ თითქოს ბიუჯეტში რაიმე პრობლემატურია, მხოლოდ დეზინფორმაცია და მოსახლეობის შეგნებულად მოტყუებაა“, - ფინანსთა სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, ასე განაცხადა 24 აპრილს კაკაურიძემ.

კაკაურიძემ „აბსურდული“ უწოდა ინფორმაციას, რომ შესაძლოა შემოსავლების სამსახური სთხოვს კომპანიებს, წინასწარ გადაიხადონ გადასახადები.

„მსგავსი რამ ვერ მოხდება“, - თქვა მან.

გიორგი კაკაურიძე, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე
გიორგი კაკაურიძე, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე

2025 წლის პირველ კვარტალში, - იანვარ-მარტში, - დღგ-ის, აქციზის, მოგებისა და იმპორტის გადასახადის გეგმა ვერ შესრულდა. მაგალითად, მოგების გადასახადის გეგმა შესრულდა 96,6%-ით, დღგ - 99,4%-ით, აქციზი - 87,6%-ით, იმპორტი - 89,5%-ით.

ამასთან, „სხვა გადასახადების“ კატეგორიაში შემოსავლებმა 261%-ით მოიმატა, - საპროგნოზო 130 მილიონ ლარზე დაახლოებით ორ-ნახევარჯერ მეტი, 336 მილიონი ლარი.

ერთ-ერთმა ბიზნესმენმა, დავით პაპიაშვილმა (Kreston Georgia-ს მმართველმა დირექტორმა), ბიზნესმედია BMG-სთან განაცხადა, რომ, მისი ინფორმაციით, არის შემთხვევები, როცა „მსხვილ ბიზნესს შემოსავლების სამსახური უკავშირდება და თხოვნით მიმართავს, რომ თუ არის საშუალება, წინასწარ გადაიხადოს გადასახადი, რადგან ბიუჯეტში თანხის მობილიზების პრობლემაა“.

მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე სხვაგვარად განმარტავს „სხვა გადასახადების“ გადაჭარბებით შესრულებას: „ხელფასთან ერთად კომპანიები იხდიან საშემოსავლო გადასახადს, რომელიც ხვდება თავდაპირველად „სხვა გადასახადებში“ და უკვე მომდევნო თვის 15 რიცხვში აისახება საშემოსავლო გადასახადში. ეს ყველა კომპანიამ კარგად იცის, ამიტომ არ მგონია, მსგავსი განცხადებები მიზანმიმართული დეზინფორმაციის გარდა, რამე სხვას ემსახურებოდეს“.

ამასთან, კაკაურიძე აღიარებს აქციზის გადასახადების შესრულებაში დანაკლისს: „ვინაიდან წელს თამბაქოსთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციები შევიდა ძალაში, ვერ მოხდა იმ რაოდენობის თამბაქოს იმპორტი, რაც გასული წლების პირველ კვარტალში“.

ის აცხადებს, რომ მომდევნო კვარტლებში დანაკლისი აღმოიფხვრება: „კომპანიებს ჰქონდათ გარკვეული მარაგები. შესაბამისად, ეს დანაკლისი აქციზში, რაც გვაქვს უკვე მომდევნო თვეებში და მომდევნო კვარტლებში, იქნება სრულად აღმოფხვრილი“, - თქვა მან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG