რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს „უკრაინელი ჯაშუში, რომელსაც რუსი გენერლის აფეთქებაში სდებენ ბრალს“.
„ეფესბეს“ საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით, მათ დააკავეს"უკრაინის სპეციალური სერვისების აგენტი იგნატ კუზინი", რომელმაც "ფოლკსვაგენის მარკის ავტომობილში დაამონტაჟა ასაფეთქებელი ნივთიერება, რათა გენერალი იაროსლავ მოსკალიკი მოეკლა“.
გენერალი მოსკალიკი გენერალური შტაბის ძირითადი ოპერატიული დირექტორატის მოადგილე იყო. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა 25 აპრილს განაცხადა, რომ გრუ-ს ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე იაროსლავ მოსკალიკი მოკლეს.
ავტომობილი იმ დროს აფეთქდა, როცა მან სეირნობისას გვერდით ჩაუარა. აფეთქებას გენერლის დაღუპვა მოჰყვა.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, კუზინმა ავტომობილი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩამონტაჟებული, დისტანციურად უკრაინიდან ააფეთქა. რუსული მედიაც იტყობინება, რომ გავრცელდა ვიდეო, რომელშიც დაკავებული კაცი დანაშაულს აღიარებს.
მანამდე კრემლმა მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა და თქვა, რომ კიევი „აგრძელებს ტერორისტულ საქმიანობას ქვეყნის ტერიტორიაზე“.
გენერალი მოსკალიკი წარმოადგენდა რუსეთს 2015 წელს პარიზში უკრაინასთან გამართულ მოლაპარაკებებში, რომელიც მოგვიანებით ჩაშლილი მინსკის შეთანხმებების საფუძველი გახდა. ამ შეთანხმების მიზანი 2014 წელს დაწყებული ომის შეჩერება იყო დონბასის რეგიონში, სადაც უკრაინასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობდა.
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა 2022 წლის თებერვალში დაიწყო.
ფორუმი