დღეს, 28 აპრილს, ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში, „ბრიკსის“ (BRICS) ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ყრილობის კულუარებში გაიმართა რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ვანგ ისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა.
სწორედ ამ შეხვედრაზე დაადასტურა ლავროვმა, რომ მოსკოვი ელის პრეზიდენტ სის ვიზიტს მოსკოვში.
მანამდე მცირე ხნით ადრე, ჩინეთში რუსეთის ელჩმა იგორ მორგულოვმა დაადასტურა, რომ სი ძინპინმა მიიღო პუტინის მიწვევა.
სერგეი ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ, თავის მხრივ, რუსეთი ემზადება, 3 სექტემბერს ჩინეთში მონაწილეობა მიიღოს იაპონიაზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 3 სექტემბერს მიიჩნევს მეორე მსოფლიო ომში იაპონიაზე საბოლოო გამარჯვების თარიღად) დაგეგმილ ღონისძიებებში.
„ბრიკსის“ წინა სამიტზე, რომელიც ყაზანში ჩატარდა, სი ძინპინი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს შეხვდნენ. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, შეხვედრაზე დიდხანს იმსჯელეს უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, ასევე გაცვალეს მოსაზრებები დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობაზე.
მოსკოვმა და პეკინმა კიდევ უფრო მჭიდრო კავშირები დაამყარეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში დაიწყო სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრა უკრაინაში. ესტონეთის საგარეო დაზვერვის ცნობით, ჩინეთი რუსეთს დასავლური კრიტიკული კომპონენტების მიწოდებით ეხმარება სამხედრო დრონების წარმოებაში.
პუტინმა სისთან წინა მოლაპარაკებების დროს განაცხადა, რომ მოსკოვი აპირებს პეკინთან კოორდინაციის შემდგომ გაძლიერებას ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე.
ფორუმი