Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერის ასარჩევად მეორე კენჭისყრა რამდენიმე საათში ჩატარდება


ფრიდრიხ მერცი
ფრიდრიხ მერცი

გერმანიის ბუნდესტაგი სამშაბათს კიდევ ერთხელ შეეცდება ახალი კანცლერის არჩევას, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა პარლამენტში ისტორიული მარცხი განიცადა და პირველივე ტურში გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო.


ელოდნენ, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერი მერცი იოლად შეძლებდა გერმანიის მეათე კანცლერის პოსტის დაკავებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ომისშემდგომ გერმანიაში პირველად მოხდა, რომ კანცლერობის კანდიდატმა პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვა.

ფარული კენჭისყრით, მერცს 310-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი - საჭირო 316-დან, 307-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა.

DU/CSU ბლოკს, რომლის ლიდერიცაა მერცი ("ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი" და "ქრისტიან-სოციალისტური პარტია") და მასთან კოალიციაში შემავალ სოციალ-დემოკრატებს (SPD) ბუნდესტაგში უმრავლესობა აქვთ - 328 მანდატით.

კენჭისყრის შედეგები მოწმობს, რომ მომავალ მმართველ კოალიციაში შემავალმა ზოგმა წევრმა მერცს მხარი არ დაუჭირა და მის წინააღმდეგაც კი მისცა ხმა.

თეორიულად, პარლამენტის ქვედა პალატას — ბუნდესტაგს — 14 დღე აქვს კანდიდატის ასარჩევად. მერცს შეუძლია განმეორებით იყაროს კენჭი, თუმცა სხვა კანონმდებლებსაც შეუძლიათ კენჭისყრაში მონაწილეობა. არ არის შეზღუდული, რამდენი კენჭისყრა შეიძლება ჩატარდეს ამ ორკვირიანი პერიოდის განმავლობაში.

თუ მერცი ან სხვა კანდიდატი ამ 14 დღის განმავლობაში უმრავლესობას ვერ მოიპოვებენ, კონსტიტუცია პრეზიდენტს საშუალებას აძლევს, კანცლერად დანიშნოს ყველაზე მეტი ხმის მქონე კანდიდატი ან დაითხოვოს ბუნდესტაგი და ჩაატაროს ახალი ეროვნული არჩევნები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG