Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ "ბათუმელი მედროშის" გაძევების შესახებ გადაწყვეტილება დროებით შეაჩერა - საია


თემურ ქათამაძე
თემურ ქათამაძე

არასამთავრობო ორგანიზაციის, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) განცხადებით - ორგანიზაცია თემურ ქათამაძის [გაფფარ ილმაზი] ინტერესებს იცავს - სასამართლომ მისი გაძევების შესახებ გადაწყვეტილება დროებით შეაჩერა.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაკმაყოფილდა საიას შუამდგომლობა და შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2025 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების მოქმედება, რომელიც შეეხება თემურ ქათამაძის საქართველოდან გაძევებას, შეჩერებულია სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე", - ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა "ბათუმელი მედროშის" სახელით ცნობილი თემურ ქათამაძის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება 30 აპრილს მიიღო.

გაძევების პროცედურების დაწყების წინაპირობა გახდა 2025 წლის 29 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ თემურ ქათამაძისათვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარი, რომელსაც საია "უკანონოდ" და "დაუსაბუთებლად" აფასებს.

საიამ თემურ ქათამაძის სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა გაძევების გადაწყვეტილებაც და დამატებით მოითხოვა ამ საქმის განხილვამდე გაძევების პროცედურების შეჩერება.

სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე 30 დღის განმავლობაში განიხილავს წარდგენილ სარჩელს.

თემურ ქათამაძე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებზე ბათუმში საქართველოს დროშით ხელში იდგა - ჯერ კიდევ „აგენტების კანონის” წინააღმდეგ პროტესტის დროიდან დაწყებული, ბოლო, უწყვეტი აქციების ჩათვლით.

  • თემურ ქათამაძე თავდაპირველად 11 იანვარს დააკავეს ადმინისტრაციული წესით და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
  • 16 იანვარს გათავისუფლებული თემურ ქათამაძე მყისიერად ისევ დააკავეს - შს სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

მუჰაჯირების შთამომავალი, 56 წლის თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] 50 დღეზე მეტხანს შიმშილობდა.

თემურ ქათამაძემ თავშესაფრის მოთხოვნით უკვე მიმართა გერმანიისა და საფრანგეთის საელჩოებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG