„ჩვენს შეხვედრაზე პრეზიდენტმა ერდოანმა დღეს კვლავ დაადასტურა, რომ ის მხარს უჭერს უკრაინას და აღიარებს ყირიმს, როგორც უკრაინის ნაწილს“.
ზელენსკი სტამბოლში დაგეგმილი მოლაპარაკებების დღის წესრიგის უმთავრეს პრიორიტეტად ასახელებს ცეცხლის შეწყვეტას.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა შედგება ან დღეს საღამოს, ან ხვალ:
„ჩვენ მზად ვართ ამისთვის. დელეგაცია უკვე გაგზავნილია. დელეგაცია უკვე მზად არის. თურქეთის დელეგაცია მზად არის. ისიც მიემგზავრება. ამერიკის დელეგაცია ნაწილობრივ იქ არის, ნაწილი ჩავა. შეხვედრა შეიძლება იყოს დღეს საღამოს ან შეიძლება იყოს ხვალ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. ყველა ელოდება მეორე, „რუსული მხარის დემონსტრაციას“.
უკრაინის დელეგაციას მოლაპარაკებებზე თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს.
რუსეთის სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, თურქეთში უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ შექმნილი დელეგაციის ხელმძღვანელი, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი აცხადებს, რომ რუსეთის დელეგაციას აქვს ყველა კომპეტენცია და უფლებამოსილება, აწარმოოს მოლაპარაკებები; მოსკოვის წარმომადგენლები განწყობილნი არიან კონსტრუქციულად და კონფლიქტის მოგვარების გზების ძიებისთვის; რუსი მომლაპარაკებლები თურქეთში შეხვედრას განიხილავენ, როგორც 2022 წელს შეწყვეტილი პროცესის გაგრძელებას.
რუსული დელეგაციის თანახმად, მოლაპარაკებები ხუთშაბათს დილით უნდა დაწყებულიყო, თუმცა თურქეთის მხარის ინიციატივით დღის მეორე ნახევრისთვის გადაიდო.
15 მაისს ანკარის აეროპორტში ნათქვამ მოკლე განცხადებაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "ბუტაფორიულ დონედ" შეაფასა რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა. ზელენსკიმ ანკარაში პირისპირ და შემდეგ გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართა თურქ კოლეგასთან და მათი მსჯელობის ერთ-ერთი საგანი იყო ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტიც, რომელიც 16 მაისს ალბანეთის დედაქალაქში გაიმართება.
ფორუმი