Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ევროპული შეიარაღებული ძალების განთავსების საკითხი გადადებულია - აცხადებს მერცი


გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერის განცხადებით, უკრაინაში ევროპული შეიარაღებული ძალების განთავსების საკითხი გადადებულია.

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ამბობს, რომ ევროპა ჯერჯერობით შორსაა, განიხილოს უკრაინაში შეიარაღებული ძალების განთავსების გეგმა.

იტალიის პრემიერ-მინისტრთან, ჯორჯა მელონისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ახლა ევროპული ქვეყნების ყველა ძალისხმევა მიმართულია რუსეთის მხრიდან ცეცხლის უპირობო შეწყვეტისკენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატის გარკვევა, ასევე საკითხი, უსაფრთხოების რა გარანტიები შეიძლება დასჭირდეს უკრაინას“, - განაცხადა მერცმა, რომელმაც ამჟამინდელ სიტუაციას არაპროგნოზირებადი უწოდა.

ცოტა ხნით ადრე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა გამოთქვა მზადყოფნა, გააგზავნოს უკრაინაში სამშვიდობო ძალები იმ შემთხვევაში, თუკი აშშ მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა.

ეგრეთ წოდებული მსურველთა კოალიციის შექმნა - ქვეყნებისა, რომლებიც მზად არიან, ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში გაგზავნონ ჯარისკაცები - მარტის დასაწყისში გამოცხადდა ლონდონში ევროპული სახელმწიფოების სამიტის შემდეგ. მაშინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა თქვა, რომ მისიას უხელმძღვანელებენ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი.

კრემლმა არაერთხელ განაცხადა, რომ მიუღებლად მიიჩნევს ნატოს ჯარების ყოფნას უკრაინის ტერიტორიაზე.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, თავის მხრივ, თქვა, რომ რუსეთს არა აქვს უფლება, ვეტო დაადოს უკრაინაში უცხოური ჯარების განთავსებას, თუ კიევის ხელისუფლება მათ მიიწვევს. მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ სამშვიდობო ძალები შეიძლება შედგებოდეს როგორც ევროპული, ისე არაევროპული ქვეყნების წარმომადგენლებისგან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG