Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პატრიარქი ლეო XIV-ს ულოცავს რომის პაპად არჩევას


რომის პაპის ინაუგურაციის ცერემონია, წმინდა პეტრეს ტაძარი. 18 მაისი, 2025 წელი
რომის პაპის ინაუგურაციის ცერემონია, წმინდა პეტრეს ტაძარი. 18 მაისი, 2025 წელი

“წინააღმდეგობებით სავსე ურთულეს დროში თქვენი მხარდაჭერა ჭეშმარიტი ღირებულებების დასაცავად, თქვენი შემართება და სიმტკიცე ფრიად მნიშვნელოვანი იქნება მთელი მსოფლიოსათვის”, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის წერილში, რომელსაც საპატრიარქო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

პატრიარქი ულოცავს ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას.

„როდესაც შევხვდი მის უწმინდესობას, პაპ ფრანცისკეს, მაშინაც აღვნიშნე და კვლავ გავიმეორებ, რომ რომის საყდარი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ძმების, - პეტრეს და ანდრია მოციქულების დაარსებულია, რაც დღესაც ჩვენს შორის ურთიერთობებს გამორჩეული პატივისცემით მსჭვალავს.

მიიღეთ ჩვენი საუკეთესო სურვილები.

შევთხოვ უფალს, წარმატებულ - ჰყოს თქვენი მოღვაწეობა არა მარტო კათოლიკური სამყაროსათვის, არამედ მთელი კაცობრიობისათვისაც. ძმური სიყვარულით“, - წერია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს წერილში, რომელიც 18 მაისს გამოქვეყნდა.

ვატიკანში რომის პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. მედიის ცნობით, ცერემონიას ასიათასობით ადამიანი დაესწრო.

ცერემონიაში 150-მდე საერთაშორისო დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა. ინაუგურაციას ესწრებიან მსოფლიო ლიდერებისა და სამეფო ოჯახების წევრები, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ბრიტანეთის პრინცი ედუარდი, ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანიზი.

რომის პაპის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრნენ „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და მისი ცოლი.

კონკლავმა ახალი პაპი ლეო XIV (რობერტ პრევოსტი) 8 მაისს აირჩია. ის აშშ-ის პირველი წარმომადგენელია, რომელიც სათავეში ჩაუდგა რომის კათოლიკურ ეკლესიას.

რომის პაპის არჩევა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც 21 აპრილს ვატიკანში 88 წლის ასაკში გარდაიცვალა პაპი ფრანცისკე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG