Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ხაზთან 3 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, 2 უკანონო პატიმრობაში რჩება - სუსი


საოკუპაციო ძალებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს - ორი კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება, იუწყება სუსი.
საოკუპაციო ძალებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს - ორი კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება, იუწყება სუსი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე.

სუსის ცნობითვე, მათგან ერთი უკვე გათავისუფლდა. ის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა.

დანარჩენი ორი, სუსის ცნობით, კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება.

სუსი წერს იმასაც, რომ მოქალაქეები საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

სუსის თანახმად, ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი ცხელი ხაზი.

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - წერს უსაფრთხოების სამსახური.

რუსეთის საოკუპაციო ძალები საქართველოს მოქალაქეებს ხშირად აკავებენ უკანონოდ, - ზოგჯერ საოკუპაციო ხაზთან, ზოგჯერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, - განგრძობადი „ბორდერიზაციის“ პირობებში.

დაფიქსირდა საქართველოს მოქალაქეების სასტიკი მკვლელობის შემთხვევები - 2023 წლის 6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ დაჭრეს 58 წლის თამაზ გინტური, 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG