მეჰრალიზადა ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულად თვლის და უკავშირებს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურისთვის („აზადლიყ რადიოსუ“) კრიტიკული მასალების მომზადებას.
ფარიდ მეჰრალიზადა ერთ-ერთია იმ შვიდ ჟურნალისტს შორის, რომელთა მიმართაც, როგორც თავად თვლიან, აღძრულია შეთითხნილი საქმე. პროკურორმა 12-წლიანი სასჯელი მოითხოვა „აბზას მედიის“ დირექტორ ულვი ჰასანლისა და ჟურნალისტ ჰაფიზ ბაბალისთვის.
11-წლიანი პატიმრობაა მოთხოვნილი იმავე მედიის ჟურნალისტების, სევინჯ ვაგიფყიზის, მაჰამედ კეკალოვის, ნარგიზ აბსალამოვასა და ელნარა გასიმოვასთვის.
სასამართლოს შემდეგი სხდომა 10 ივნისისთვის ჩაინიშნა.
30 წლის ფარიდ მეჰრალიზადა ჰყვება, რომ 2024 წლის მაისში დაკავებისას მას თვალები აუხვიეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მიიყვანეს ბაქოს პოლიციის ქალაქის განყოფილებაში, სადაც ტელეფონის გახსნის იძულებისთვის მის წინააღმდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა:
„ერთ-ერთმა პოლიციელმა მითხრა: „ახალგაზრდა კაცი ხარ. ნამდვილად გჭირდება რადიო თავისუფლება? იარე თავდახრილმა და იცხოვრე შენთვის“, - განაცხადა მეჰრალიზადამ წინა სასამართლო სხდომაზე.
მის საქმეს დაემატა უკანონო მეწარმეობა, გადასახადებისთვის თავის არიდება და დოკუმენტების გაყალბება - ამ ბრალდებებს თავად ჟურნალისტი და მისი მხარდამჭერები ფაბრიკაციას უწოდებენ.
ფარიდ მეჰრალიზადას თქმით, პროკურორი უსაფუძვლოდ ცდილობს იმის მტკიცებას, რომ ის სააგენტო „აბზას მედიისთვის“ მუშაობდა. თავად ეს მედიასაშუალება ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ქვეშ მოექცა.
თავის ეკონომიკურ ანალიტიკურ მასალებში მეჰრალიზადა ხშირად აკრიტიკებდა აზერბაიჯანის დამოკიდებულებას ნავთობსა და გაზზე და ხშირად აყენებდა ეჭვქვეშ უმუშევრობასა და სიღარიბეზე ოფიციალურ სტატისტიკას.
ჟურნალისტმა სასამართლოს განუცხადა, რომ მისი პატიმრობაში ყოფნის დროს დაიბადა მისი შვილი და დაკავების შემდეგ მას არ მისცემია ოჯახის წევრების ნახვის შესაძლებლობა.
აზერბაიჯანის ხელისუფლება ირწმუნება, რომ მეჰრალიზადას საქმეში პოლიტიკური მოტივაცია არ არის და რომ აზერბაიჯანში არავინ არის პატიმრობაში პოლიტიკური საფუძვლებით.
უფლებადამცველი ჯგუფები აღნიშნავენ, რომ 2023 წლის ნოემბრიდან დაახლოებით 20 ჟურნალისტი და სოციალური მედიის აქტივისტია დაკავებული მსგავსი ბრალდებებით. მათგან შვიდი „აბზას მედიასთან“ არის დაკავშირებული. უფლებადამცველების ინფორმაციით, აზერბაიჯანის ციხეებში მინიმუმ 300 პოლიტიკური პატიმარია, რომლებიც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის კრიტიკით გამოირჩევიან.
2003 წელს მამის - ჰეიდარ ალიევის - გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლებაში მოსვლიდან მოყოლებული, ილჰამ ალიევს ადანაშაულებენ განსხვავებული აზრის მქონეთა დევნასა და ჟურნალისტების, ოპოზიციონერებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაპატიმრებაში.
ფორუმი