„ძლიერი საქართველოს“ („ლელო“) ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე ფეისბუკში წერს, რომ ამ მიზეზის გამო მიხეილ კაკაურიძე თავიანთი რიგებიდან გარიცხეს. ბუაძე ამბობს, რომ ყოფილმა თანაგუნდელმა დაარღვია „2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მიტაცების შემდეგ არსებული პოლიტიკური ბოიკოტი“.
„სამწუხაროდ, საერთო ოპოზიციური ბოიკოტის და მკაფიო მოწოდების მიუხედავად, “ძლიერი საქართველოს” გლდანის შტაბის წარმომადგენელმა და საკრებულოს წევრმა, მიხეილ კაკაურიძემ, რომელიც 2024 წელს შემოგვიერთდა, დაარღვია აღნიშნული ბოიკოტი და დაეხმარა “ქართულ ოცნებას” კვორუმის შექმნაში, რის გამოც როგორც “ძლიერი საქართველოს” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და თბილისის შტაბის ხელმძღვანელმა, მივიღე გადაწყვეტილება შევწყვიტოთ თანამშრომლობა მიხეილ კაკაურიძესთან და ის გაირიცხოს ჩვენი რიგებიდან“, - აცხადებს საბა ბუაძე.
მიხეილ კაკაურიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ქართულ ოცნებას“ კვორუმის შევსებაში თავისი ინიციატივების დაკმაყოფილების დაპირების სანაცვლოდ დაეხმარა.
„ჩვენ შევთანხმდით. ვიცოდი, რომ ეს კვორუმი მათ ოთხ-ხუთ დღეში ექნებოდათ. ერთი კვირის შემდეგ დაინიშნებოდა ვიცე-მერად გიორგი ტყემალაძე. პირობა მივიღე მათგან, რომ ჩემს საკითხებს, რომელსაც სამი წელი ამ საკრებულოში საქმიანობის დროს ვაყენებდი, განიხილავენ თბილისის მთავრობის სხდომაზე“, - თქვა მიხეილ კაკაურიძემ.
თბილისის საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მიხეილ კაკაურიძემ თვითმმართველობის სტრუქტურებში მუშაობა 2009 წლიდან დაიწყო:
- 2009-2010 წლებში იყო გლდანის რაიონის საუბნო სამსახურის უფროსის მოადგილე;
- 2010-2017 წლებში - გლდანის რაიონის გამგეობის მთავარი სპეციალისტი;
- 2017-2021 წლებში - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მრჩეველი;
- 2021 წლიდან დღემდე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს წევრი.
ფორუმი