Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სნოუდენი რუსეთის ქალაქ ლიუბერციშია რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად


შეერთებული შტატების უშიშროების სამსახურის ყოფილი კონტრაქტორი ედვარდ სნოუდენი, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული გლობალური თვალთვალის პროგრამების გამჟღავნებით, ოფიციალურად გახდა რუსეთის საგადასახადო რეზიდენტი და რეგისტრირებულია მოსკოვის ოლქის ქალაქ ლიუბერციში. ამ დასკვნამდე მივიდა საგამოძიებო ჟურნალისტების ჯგუფი „სისტემა“, სნოუდენის გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის (TIN) შესწავლის შემდეგ.

ნომრის პირველი ოთხი ციფრი – 5027 – რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის კოდის ნაწილია, კერძოდ, მოსკოვის N17 ოლქისა, რომელიც ლიუბერციში მდებარეობს. აქედან გამომდინარე ირკვევა, რომ ამ ქალაქში აქვს გავლილი სნოუდენს ფისკალური „რეგისტრაცია“.

სნოუდენი რუსეთში 2013 წელს აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებს გადასცა აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების მიერ განხორციელებული მასობრივი თვალთვალის შესახებ საიდუმლო დოკუმენტები. რუსეთში მან თავდაპირველად დროებითი თავშესაფარი მიიღო, შემდეგ ბინადრობის ნებართვა, ხოლო 2022 წლის სექტემბერში, ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, მოქალაქეობაც. 2023 წელს სნოუდენმა რუსული პასპორტიც მიიღო.

რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის მონაცემთა ბაზის ღია მონაცემების მიხედვით, სნოუდენის გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი მოქმედია და ემთხვევა მისი სრული სახელი და დაბადების თარიღიც. რუსეთის აღსრულების ფედერალური სამსახურის ღია მონაცემთა ბაზაში ჩანს, რომ გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერზე ჯარიმები და დავალიანებები არ ფიქსირდება.

რუსეთში ფიზიკური პირებისთვის გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი 12 ციფრისგან შედგება. ნომერი ავტომატურად ენიჭებათ ახალშობილ მოქალაქეებს - რეესტრის ოფისის მონაცემების საფუძველზე; მათ, ვინც მიიღო რუსული პასპორტი - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის მიხედვით. უცხოელები და მოქალაქეობის არმქონე პირები გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერს პირადი განაცხადის საფუძველზე იღებენ, თუ ისინი გადასახადების გადახდას რუსეთში აპირებენ. პროცედურას განსაზღვრავს რუსეთის ფედერაციის საგადასახადო კოდექსის 83-ე მუხლი.

სნოუდენს და მის ცოლს, ლინდსი მილსს, არასდროს გაუმჟღავნებიათ, რუსეთის კონკრეტულად რომელ რეგიონში ცხოვრობენ. თუმცა ლინდსი მილსის ინსტაგრამზე დაკვირვებით შესაძლებელი იყო მათი მოძრაობის შესახებ გარკვეული შთაბეჭდილების შექმნა. 2018 წელს სნოუდენის ცოლმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ლიუბერციდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ლუბლინის ტყე-პარკში გადაღებული ფოტო. 2016 წელს კი - ამავე ტყე-პარკის სიახლოვეს მდებარე მეტროს სადგურ ვოლჟსკაიასთან გადაღებული ფოტო.

ლიუბერცი მოსკოვის ოლქში, დედაქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქია. ის ცნობილია საბჭოთა ინდუსტრიული წარსულით, ხრუშჩოვის ეპოქის შენობებით და 1980-1990-იან წლებში „ბანდიტური გარეუბნის“ სახელით. ამჟამად ლიუბერცი მრავალსართულიანი კორპუსებით მჭიდრო დასახლებული ქალაქია.

ამ ქალაქში დაიწყო კარიერა ვლადიმირ პუტინის საყვარელმა მუსიკალურმა ჯგუფმა, „ლიუბემ"(Любэ). ამჟამად იქ ჯგუფის წვერების ძეგლიც დგას.

ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან მიგრანტებისთვის ლიუბერცი საცხოვრებლად საკმაოდ უჩვეულო არჩევანია. 2010-იან წლებში ლიუბერცის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ რეუტოვში ცხოვრობდა ირლანდიელი ელექტრონული მუსიკოსი აფექს ტვინი (Aphex Twin), ყოფილი ამერიკელი მოჭიდავე ჯეფ მონსონი კი კრასნოგორსკში დეპუტატად იყრიდა კენჭს - მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ამ ქალაქში უძრავი ქონება უფრო პრესტიჟულად ითვლება.

სნოუდენის ცოლმა ლინდსი მილმა და მისმა ადვოკატმა ანატოლი კუჩერენმა „სისტემის“ წერილებს არ უპასუხეს.



ფორუმი

XS
SM
MD
LG