თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლილი მსხილაძემ პროევროპულ აქციებზე ვიდეოსათვალთვალო კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ 26 წლის გურამ ხუტაშვილსა და 23 წლის დანიელ მუმლაძეს სამ-სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ისინი ბრალს აღიარებდნენ და მზად იყვნენ საპროცესო შეთანხმებისთვის - გათავისუფლების სანაცვლოდ გადაეხადათ დაზიანებული კამერების ღირებულება, 12,1 ათასი ლარი.
სწორედ საპროცესო შეთანხმების საკითხზე მუშაობის გამო მიმდინარე წლის თებერვალში სასამართლო სხდომა გადაიდო. მაშინ პროკურორმა თამარ იაკობიძემ ეს საკითხი დაადასტურა.
ხუტაშვილი და მუმლაძე გასული წლის დეკემბერში სხვადასხვა დღეს ერთი ბრალდებით დააკავეს. საქართველოს პროკურატურა ორივეს ედავებოდა აქციის მიმდინარეობისას რუსთაველის გამზირზე მდებარე სათვალთვალო კამერების ჯგუფურად დაზიანებას.
ნივთის დაზიანებისთვის სასჯელი 2023 წლის ივნისში გამკაცრდა და პატიმრობის წლების რაოდენობა გაიზარდა. იურისტები შიშობდნენ, რომ ამ ცვლილებებს ხელისუფლება პოლიტიკური მანიპულაციისთვის გამოიყენებდა.
ექვსი თვეა, თბილისსა და ბათუმში არ წყდება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და დემონსტრაციებზე დაკავებული ათობით ადამიანის გათავისუფლების მოთხოვნით. პროტესტი გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ 2024 წლის 28 ნოემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, პარტია 2028 წლამდე აღარ დააყენებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
ფორუმი