Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქტივისტებმა მუზეუმიდან მოპარული მაკრონის ცვილის ფიგურა პარიზში, რუსეთის საელჩოსთან დადგეს


ემანუელ მაკრონის ცვილის ფიგურა Greenpeace-ის აქტივისტების მიერ პარიზში, რუსეთის საელჩოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე. 2025 წლის 2 ივნისი
ემანუელ მაკრონის ცვილის ფიგურა Greenpeace-ის აქტივისტების მიერ პარიზში, რუსეთის საელჩოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე. 2025 წლის 2 ივნისი

ბუნების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის, Greenpeace-ის აქტივისტებმა რუსეთთან საფრანგეთის ეკონომიკური კავშირებისადმი პროტესტის ნიშნად პარიზში, რუსეთის საელჩოსთან დადგეს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცვილის ფიგურა, რომელიც პარიზის გრევენის მუზეუმიდან მოიპარეს.

გამოცემა Le Figaro და სააგენტო AFP პოლიციაზე დაყრდნობით წერენ, რომ 2 ივნისს სამი პირი მუზეუმში დამთვალიერებლებად შევიდა, შემდეგ მათ მუზეუმის თანამშრომლების უნიფორმა ჩაიცვეს, მაკრონის ცვილის ფიგურა პლედში გაახვიეს და შენობის სათადარიგო შესასვლელიდან გაიტანეს.

ამის შემდეგ მუზეუმში დარეკა პირმა, რომელიც თანამშრომელს Greenpeace-ის აქტივისტად გაეცნო და უთხრა, რომ მაკრონის ცვილის ფიგურა წაიღეს.

მალევე აქტივისტებმა ეს ფიგურა პარიზში, რუსეთის საელჩოსთან დადგეს და საპროტესტო აქცია გამართეს. ორგანიზაცია Greenpeace-ი საფრანგეთის პრეზიდენტს ადანაშაულებს ხელშეწყობაში იმ კომპანიების, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც რუსეთთან საქმიან ურთიერთობებს განაგრძობენ, მოსკოვის ჯიბეს ავსებენ და მისგან ყიდულობენ ბუნებრივ რესურსებს, რომლებიც ხელს უწყობენ კლიმატის შეცვლასაც.

ორგანიზაცია Greenpeace-ის ვებსაიტზე 2 ივნისს გამოქვეყნებული განცხადებით, აქტივისტებმა დაგმეს ემანუელ მაკრონის თვალთმაქცობა და რუსეთთან კონტრაქტების შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

როგორც Greenpeace-ი წერს, აქტივისტებმა გრევენის მუზეუმიდან „ითხოვეს” მაკრონის ფიგურა, რომელიც მსოფლიოში ცნობილ ამ დაწესებულებაში არ უნდა იდგეს, სანამ საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთთან კონტრაქტებს არ გააუქმებს.

ბუნების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, 2024 წელს საფრანგეთი იყო ევროპაში რუსული გათხევადებული გაზის უმსხვილესი იმპორტიორი, 2023 წელს, წინა წლებთან შედარებით 86%-ით გაზარდა რუსეთიდან ქიმიური სასუქების იმპორტი, საფრანგეთის ატომური ენერგეტიკის მრეწველობა კი მჭიდროდ თანამშრომლობს პუტინის მიერ შექმნილ სახელმწიფო ჰოლდინგ „როსატომთან”.

BBC ენერგეტიკის და სუფთა ჰაერის კვლევითი ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთმა გაზის და ნავთობის ექსპორტით მიიღო 883 მილიარდ ევროზე მეტი შემოსავალი, მათ შორის 228 მილიარდი იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც რუსეთისთვის სანქციები აქვთ დაწესებული. ევროკავშირის სახელმწიფოებზე მოდის 209 მილიარდი, მათგან 17,9 მილიარდი - საფრანგეთზე.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტი შეზღუდა, თუმცა, წევრი სახელმწიფოების ნაწილის წინააღმდეგობის გამო, სანქციები მხოლოდ ნაწილობრივ შეეხო გაზის იმპორტს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG