ნიუ-იორკში მიმდინარე სესიაზე 3 ივნისს კენჭი უყარეს და 107 სახელმწიფოს მხარდაჭერით მიიღეს საქართველოსა და მსოფლიოს კიდევ 63 ქვეყნის მიერ ინიციირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთი ოსეთი საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.
ამ რეზოლუციას საქართველო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლის მაისიდან წარადგენს.
შარშანდელ კენჭისყრასთან შედარებით მხარდამჭერთა რიცხვი ოთხით გაიზარდა.
რეზოლუციით გაერო ადასტურებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან ყველა ლტოლვილის და იძულებით გადაადგილებული პირისა და მათი შთამომავლების სახლებში დაბრუნების უფლებას ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, მათი საკუთრების პატივისცემის აუცილებლობას და ძალისმიერი გზით დემოგრაფიული ცვლილებების მიუღებლობას.
რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა 9 ქვეყანამ: რუსეთმა, ბელარუსმა, კუბამ, ჩრდილოეთ კორეამ, ზიმბაბვემ, მალიმ, ნიკარაგუამ, სუდანმა და ეკვატორულმა გვინეამ.
მოწინააღმდეგეთა ჩამონათვალში აღარ არის სირია. რუსეთის მოკავშირე ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ სირიამ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ვენესუელამ და ნაურუმ, რომლებსაც რუსეთთან, ნიკარაგუასა და სირიასთან ერთად აღიარებული აქვთ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა.
ჩამონათვალში იმ ქვეყნების, რომლებმაც საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციისთვის ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს, სირიასთან ერთად სულ 49 ქვეყანაა. მათ შორის არიან: ჩინეთი, ირანი, ისრაელი, სერბეთი, ბრაზილია, ინდოეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
ამ სიაშია შვეიცარიაც, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შემდეგ ორ ქვეყანას შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებს.
გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე 3 ივნისს გამართული კენჭისყრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მადლობა გადაუხადა რეზოლუციის პროექტის თანაინიციატორ და მხარდამჭერ ქვეყნებს.
ფორუმი