ხუთშაბათს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე სავაჭრო ომის ფონზე. ტრამპმა თქვა, რომ სი ძინპინმა ის ჩინეთში მიიწვია.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა განაცხადა, რომ ლიდერებმა განიხილეს „ბოლო დროს მიღწეული სავაჭრო შეთანხმების ზოგიერთი დეტალი“. ტრამპის თქმით, საუბარი დაახლოებით საათ-ნახევარს გაგრძელდა და ლიდერებმა მხოლოდ ვაჭრობაზე ისაუბრეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ საუბარი „ორივე ქვეყნისთვის ძალიან დადებითი დასკვნით დასრულდა.” და თქვა, რომ აშშ-სა და ჩინეთის წარმომადგენლები „მალე შეხვდებიან ლოკაციაზე, რომელიც ჯერ არ არის განსაზღვრული.”
ტრამპმა განაცხადა, რომ სი ძინპინმა ის ჩინეთში ვიზიტით მიიწვია და მანაც ანალოგიური შეთავაზებით უპასუხა.
ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სინხუას“ ცნობით, საუბარი ტრამპის თხოვნით შედგა.
ეს საუბარი მნიშვნელოვანი მოვლენაა აშშ-სა და ჩინეთს, მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის დაძაბული სატარიფო დაპირისპირების ფონზე.
ეს ამ ორ ლიდერს შორის გამართული საუბრის პირველი დადასტურებული შემთხვევაა მას შემდეგ, რაც ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა.
ფორუმი