პარტია “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 6 ივნისს, მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად “ძალიან დიდი სისულელე” უწოდა ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სანქცირებულები რეკავენ ევროკავშირში, არასამთავრობო ორგანიზაციებში კითხვით, როგორ შეუძლიათ სანქცირებულთა სიიდან თავის ამოშლა.
„რა სისულელეა. ჩვეულებრივი სისულელე. რა გიპასუხოთ? ჩვეულებრივი სისულელე! სანქციებთან დაკავშირებით ბევრჯერ ვისაუბრე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, შენს სამშობლოს, ქვეყნის ინტერესს და მის დაცვას, არანაირი სანქცია ვერ იმოქმედებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან დიდი სისულელეა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
"ქართული ოცნების" წარმომადგენელი დეპუტატის, ბექა დავითულიანის განცხადებით, შესაძლოა ვინმე მოითხოვდეს“ უსამართლო სანქციების გასწორებას", რაც "ლეგიტიმურია”.
“ეს სანქციები არის უსამართლო და თუ ვინმე ამ უსამართლობის გასწორებას ითხოვს, ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური, თუ ითხოვს. ეს ერთი. მეორე, ერთი ევროპარლამენტარის განცხადება არ ნიშნავს, რომ ეს არის აპრიორული ჭეშმარიტება, … უსამართლობის გასწორება შეიძლება მოითხოვო ისე, რომ დიდად არ გადარდებდეს ეს - უსამართლოდ ასანქცირებენ, რაც არის ფაქტი და ის, რომ სანქციების შიშით არავის უკან ნაბიჯი არ გადაუდგამს, ესეც ფაქტია”, - უთხრა დავითულიანმა ტელეკომპანია "ფორმულას".
ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის წევრმა, დეპუტატმა ნაჩო სანჩეს ამორმა 5 ივნისს თქვა, რომ ერთადერთი, რაზეც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები რეაგირებენ, პერსონალური სანქციებია.
„ეს ხალხი, ვისი სახელებიც გამოცხადდა, რეკავენ ევროკავშირში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და კითხულობენ, როგორ შეიძლება ამ სიიდან ამოვშალო თავიო“, - თქვა სანჩეს ამორმა.
სანჩეს ამორი 26-28 მაისს თბილისში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის (DROI) სხვა წევრებთან ერთად.
ესპანელი ევროპარლამენტარის ხელმძღვანელობით საქართველოში ჩამოსული დელეგაცია შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრებს, საქართველოს სახალხო დამცველს, პროევროპულ აქციებზე დაკავებულების ოჯახების წევრებს.
პერსონალური სანქციების დაწესების აუცილებლობაზე 3 ივნისს მან ასევე ისაუბრა ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელზეც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მოუსმინეს.
მან ილაპარაკა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებით შექმნილ გართულებულ სამუშაო პირობებზე.
"ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავაგრძელოთ სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკური მხარდაჭერა. სამოქალაქო საზოგადოება პროტესტს განაგრძობს. ჩვენ ვხედავთ ამ პროტესტის წინააღმდეგ სერიოზულ რეპრესიას. ყველას, ვინც დემოკრატიულად აზროვნებს, ვისაც უნდა, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს, სურს დემონსტრაციის უფლების დაცვა, მათი დაცვა, ვინც დაპატიმრებულია. ამაზე უარესი სიტუაცია შეუძლებელია, ისინი ნამდვილად არღვევენ სამოქალაქო საზოგადოებას“, - აღნიშნა ნაჩო სანჩეს ამორმა.
ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონსენსუსი სჭირდება, რაც უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის ფონზე ჯერ არ არის მიღწეული, თუმცა, როგორც ევროკავშირის ელჩი აცხადებს, ამაზე მუშაობა გრძელდება; ამასთან, ბალტიის ქვეყნებმა, ჩეხეთმა, გერმანიამ და პოლონეთმა დამოუკიდებლად დააწესეს სავიზო სანქციები.
იანვარში ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირ-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილების შეჩერებაზე - ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მოგზაურობისას, ქართველი დიპლომატები და თანამდებობის პირები ვეღარ ისარგებლებენ განაცხადის წარდგენის შემცირებული ვადით, დაბალი სავიზო მოსაკრებლითა და ნაკლები დამხმარე დოკუმენტის წარდგენის შესაძლებლობით.
გადაწყვეტილება პასუხია დემოკრატიულ უკუსვლასა და რეპრესიებზე, ასევე „აგენტებისა“ და ე.წ. ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონების მიღებაზე.
საქართველოში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს და პარტიის წარმომადგენელთა ნაწილს სავიზო სანქციები დაუწესა ჯერ ლიეტუვამ, შემდეგ კი - ესტონეთმა და ლატვიამ, ასევე - გერმანიამ. სანქციები დააწესეს აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომაც.
ფორუმი