გლობალური საპოლიციო ორგანიზაცია ინტერპოლი აცხადებს, რომ 12 ქვეყანაში ჩატარებული ტრანსსასაზღვრო ოპერაციის შედეგად ევროპასა და ამერიკაში 20 ადამიანი დააკავეს. საქმე ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემცველ მასალას ეხებოდა.
ოპერაცია, რომელსაც ესპანეთის პოლიცია ხელმძღვანელობდა, გასული წლის ბოლოს დაიწყო მას შემდეგ, რაც პოლიციის თანამშრომლებმა გამოავლინეს ონლაინ შეტყობინებების ჯგუფები, რომლებიც ავრცელებდნენ ბავშვების სექსუალური ექსპლუატაციის სურათებს.
ინტერპოლის ცნობით, ესპანეთის ხელისუფლებამ შვიდი ეჭვმიტანილი დააკავა, მათ შორის ჯანდაცვის მუშაკი და მასწავლებელი. ჯანდაცვის მუშაკი, სავარაუდოდ, აღმოსავლეთ ევროპაში უხდიდა ფულს სექსუალური ხასიათის ფოტოებისათვის, მასწავლებელი კი ბრალდებულია ბავშვზე სექსუალური ძალადობის შემცველი მასალის სხვადასხვა ონლაინ პლატფორმის საშუალებით გაზიარებაში.
ლათინური ამერიკის ხელისუფლებამ შვიდ ქვეყანაში 10 ეჭვმიტანილი დააკავა, მათ შორის სამი სალვადორში და ერთი მასწავლებელი პანამაში. დანარჩენი ეჭვმიტანილები ევროპის სხვა ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებში დააკავეს.
ინტერპოლის ცნობით, ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია კიდევ 68 ეჭვმიტანილი და გამოძიება გრძელდება.
ფორუმი