საარჩევნო უბნებიდან მიღებული თითქმის სრული მონაცემების თანახმად, იტალიის ამომრჩევლის დაახლოებით 30%-მა მიიღო მონაწილეობა რეფერენდუმში, რაც ბევრად ნაკლებია სავალდებულო 50%-იან მონაწილეობაზე იმისათვის, რომ კენჭისყრის შედეგები სავალდებულოდ იქცეს.
რეფერენდუმის ასეთი შედეგი არის დარტყმა ცენტრისტულ-მემარცხენე პარტიების ოპოზიციური კოალიციისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და CGIL-ის პროფესიული კავშირისთვის, რომლებმაც დააყენეს სარეფერენდუმო შეკითხვები და ამავე დროს არის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის გამარჯვება, რომელიც ძლიერად ეწინააღმდეგებოდა საკითხების დაყენებას.
მელონიმ და მისმა მემარჯვენე მოკავშირეებმა მხარდამჭერებს რეფერენდუმის ბოიკოტისკენ მოუწოდეს. 8 ივნისს პრემიერ-მინისტრი რომში ერთ-ერთ უბანზე მივიდა, თუმცა რეფერენდუმში მონაწილეობა არ მიუღია, როგორც მანამდე მიანიშნა, რომ ასეთ ტაქტიკას მიმართავდა.
ოპოზიციური ძალები იმედოვნებდნენ, რომ შრომის უფლებებსა და იტალიის დემოგრაფიულ პრობლემებზე ჩაჭიდება, მელონისთან ბრძოლაში დაეხმარებოდათ.
„ოპოზიციას სურდა, ეს რეფერენდუმი მელონის მთავრობისთვის კენჭისყრად ექცია. პასუხი არის ძალიან მკაფიო: მთავრობა ამან უფრო გააძლიერა, ოპოზიცია კი უფრო დაასუსტა“, - განაცხადა მელონის ახლო თანამებრძოლმა და კაბინეტის წევრმა ჯიოვანბატისტა ფაცოლარიმ.
ხუთიდან ერთ-ერთი სარეფერენდუმო საკითხი შეეხებოდა ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მოთხოვნისთვის იტალიაში ცხოვრების აუცილებელი ხანგრძლივობის შემცირებას 10-დან 5 წლამდე, რაც, ორგანიზატორთა თქმით, 2,5 მილიონ ადამიანს შეეხებოდა.
იტალია განიცდის შობადობის მკვეთრ კლებას, რაც ზოგიერთი ეკონომისტის თანახმად, საჭიროებს მეტი უცხოელის მოზიდვას „ანემიური“ ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად. უფლებადამცველი ჯგუფები კი აწარმოებდნენ კამპანიას დადებითი პასუხის მისაღებად მიგრანტი დასაქმებულების ინტეგრაციის ხელშეწყობის შესახებ კითხვაზე.
დანარჩენი ოთხი საკითხი ეხებოდა ათი წლის წინ დანერგილი შრომის ბაზრის ლიბერალიზაციის შეცვლას, სამუშაო ადგილებზე ინციდენტებისას დამსაქმებლის პასუხისმგებლობის გაფართოებას.
საზოგადოებრივი აზრის კვლევის სააგენტო YouTrend-ის თანახმად, უფრო მაღალი აქტივობა იყო იტალიის შედარებით მდიდარ ჩრდილოეთ და ცენტრალურ რეგიონებსა და დიდ ქალაქებში, დაბალი აქტივობა - ნაკლებად განვითარებულ სამხრეთში.
შედარებით მაღალი აქტივობა აღინიშნა აგრეთვე იმ არეალებში, სადაც მემარცხენე პარტიებმა წარმატებას მიაღწიეს 2024 წლის საყოველთაო არჩევნებში.
იტალიის მთავრობის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 8-9 ივნისის რეფერენდუმზე გატანილი საკითხების ჩამონათვალი ასეთია:
- იტალიის მოქალაქეობა: მოქალაქეობის მოსათხოვად აუცილებელი იტალიაში ცხოვრების კანონით მოთხოვნილი ვადის 10-დან 5 წლამდე შემცირება, ევროკავშირის მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვანი პირებისთვის;
- მეტი დაცვის მქონე დასაქმების კონტრაქტი - უკანონო გათავისუფლებების რეგულაციის გაუქმება;
- მცირე ბიზნესი - გათავისუფლება და მასთან დაკავშირებული კომპენსაცია: ნაწილობრივ გაუქმება;
- დასაქმების კონტრაქტებზე ვადების შეზღუდვასთან, მაქსიმალურ ხანგრძლივობასთან და გახანგრძლივების პირობებთან დაკავშირებული წესების ნაწილობრივ გაუქმება;
- კლიენტის, კონტრაქტორისა და ქვეკონტრაქტორის სოლიდარული პასუხისმგებლობის გამორიცხვის წესის გაუქმება იმ დაზიანებებისთვის, რომლებსაც იღებს კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი კომპანიების მიერ დასაქმებული პირი იმ სპეციფიკური რისკების გამო, რომლებიც კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი კომპანიების საქმიანობით არის განპირობებული.
ფორუმი