Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის საქმის სხდომაზე მოწმე და პროკურორი ტელეფონებს ერთდროულად იყენებდნენ


პროკურორი ვაჟა თოდუა და მოწმე დავით ქიტიაშვილი
პროკურორი ვაჟა თოდუა და მოწმე დავით ქიტიაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება პროევროპულ აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის საქმის განხილვა. დღევანდელ სხდომაზე გამოჰკითხეს მოწმე შინაგან საქმეთა სამინისტროდან, კრიმინალური პოლიციის გამომძიებელი დავით ქიტიაშვილი.

მისი გამოკითხვის დროს ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი ტერიშვილის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა შენიშნა, რომ მოწმეც და პროკურორიც, რომლის მოთხოვნითაც ის იკითხებოდა, ერთდროულად იყენებდნენ მობილურ ტელეფონებს.

ადვოკატმა ჩომახაშვილმა მოწმე ქიტიაშვილს ჰკითხა: თქვენთვის ცნობილია გამოძიების დაწყების თარიღი, ხომ ასეა?

- მოწმე: კი ბატონო.

- ადვოკატი: გამოძიება რომ დაიწყო, რაღაც საგამოძიებო ჯგუფი ხომ ჩაგაყენეს საქმის კურსში?

- მოწმე: კი ბატონო.

- ადვოკატი: ასევე თქვენთვის ცნობილი იყო, რა მუხლით დაიწყო გამოძიება?

- მოწმე: დიახ.

- ადვოკატი: რა მუხლით?

- მოწმე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მონაწილეობა.

- ადვოკატი: ამის გარდა, თქვენთვის სხვა მუხლები იყო ცნობილი?

- მოწმე: ვერ გაგცემთ ამაზე პასუხს, გამოყოფილი იყო საქმე და არ მახსოვს.

- ადვოკატი: თქვენ არ გახსოვთ დამატებითი გამოძიების მუხლი, მაგრამ ოქმში წერთ „დანაშაულებრივ ქმედებებს“?

კითხვა-პასუხში ერთვება პროკურორი ვაჟა თოდუა. ამ დროს ადვოკატი ხედავს, რომ მოწმე იყენებს ტელეფონს და ამ დროს ტელეფონს იყენებს პროკურორიც.

- ადვოკატი: მოწმე სარგებლობს ტელეფონით, ახლავე დადოს ტელეფონი და მანახოს.

პროკურორები ფეხზე დგებიან და ბრაზდებიან.

- ადვოკატი: აი, ნახეთ შეტყობინებებს შლის!

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი ადვოკატს მოუწოდებს, რომ გააგრძელოს.

- ადვოკატი: არ გაინტერესებთ, ბატონო მოსამართლე, რაზე დაყრდნობით გვცემს პასუხს?

- მოსამართლე: არ ვიციო, გიპასუხათ, ვუყურებ აქედან.

- მოწმე: შეურაცხყოფას მაყენებთ უკვე რა...

- ადვოკატი: შეკითხვას არ გავაჟღერებ იქამდე, სანამ სასამართლო არ განმარტავს, მე რომ კითხვას ვსვამდი, რატომ იყურებოდა ტელეფონში და ვისთან ჰქონდა კომუნიკაცია მისი დაკითხვის დროს. გვაჩვენოს...

ამ დროს მოწმეს თავი აქვს ჩაღუნული, რაც იწვევს დამსწრეებში ვარაუდს, რომ ის შეტყობინებებს შლის.

ადვოკატი ჩომახაშვილი აგრძელებს: ეს რატომ არის შეურაცხმყოფელი ბრალდების მხარისთვის, მე არ ვიცი. მე მაქვს გონივრული ეჭვი.

- პროკურორი თოდუა: რისი ეჭვი გაქვთ, რომ ტელევიზიების თვალწინ ვწერთ მოწმეს პროცესზე?

- ადვოკატი: დაფიქსირდეს საოქმოდ, რომ დაკითხვის დროს ის იყენებდა ტელეფონს. სულ არ მაინტერესებს, სახლში იწერებოდა თუ მეგობართან.

- პროკურორი ვახტანგ ცალუღელაშვილი: ტელეფონთან დაკავშირებით აბსოლუტურად ხელოვნურადაა... მთავარია, სასამართლოს არ შეეშალოს ხელი ჩვენი ტელეფონთან კომუნიკაციაში. მეც ვიღებ სამსახურიდან შეტყობინებებს, ბატონი ირაკლიც იყურება ტელეფონში, ეს ბუნებრივია.

მოსამართლე ამბობს, რომ ჩომახაშვილის დაკითხვისას გააკონტროლებენ მოწმეებს განსაკუთრებულად, რომ „ასეთი კითხვები არ გაჩნდეს“.

მოსამართლემ თქვა, რომ ყველა მოწმე დარბაზში შესვლამდე ტელეფონს ხმას გამოურთავს.

ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი ბოლო თვეებია პატიმრობაში არიან. მათ ბრალი წაუყენეს პროევროპულ აქციებში მონაწილეობის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით და მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG