„ღრმად შეძრწუნებულნი ვართ ავსტრიის ქალაქ გრაცში, სკოლაში მომხდარი ტრაგიკული თავდასხმით“, - წერს საგარეო უწყება პლატფორმა X-ზე.
„ჩვენი ფიქრები ამ რთულ დროს დაზარალებულებთან, მათ ოჯახებთან და ავსტრიელ ხალხთანაა. სოლიდარობას ვუცხადებთ ავსტრიას და ყველა დაშავებულს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - წერია განცხადებაში.
ავსტრიის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, გრაცის სკოლაში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც დღეს დილით მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
თავდამსხმელი გრაცის მცხოვრები 21 წლის ავსტრიელი მამაკაცია. ის ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა, თუმცა სასწავლებელი არ დაუმთავრებია.
პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი ორი ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული და ორივეს კანონიერად ფლობდა. თავდასხმის შემდეგ, მან სიცოცხლე სკოლის საპირფარეშოში თვითმკვლელობით დაასრულა.
„გრაცის სკოლაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ეროვნული ტრაგედიაა, რომელმაც ღრმად შეძრა მთელი ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა კრისტიან შტოკერმა და მას უწოდა „ბნელი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“.
ავსტრიაში სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა.
ფორუმი