Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირს ადამიანის უფლებებზე ახალი სპეციალური წარმომადგენელი ჰყავს


23 ივნისს ევროპულმა საბჭომ ჰოლანდიელი პოლიტიკოსი კაიზა ოლონგრენი დანიშნა. მისი წინამორბედი ამ თანამდებობაზე იყო შვედი დიპლომატი ოლოფ სკუგი.

კაიზა ოლონგრენს ნიდერლანდის მთავრობაში არაერთი მაღალი თანამდებობა ეკავა, მათ შორის: შინაგან საქმეთა მინისტრისა და ვიცე-პრემიერის. სულ ბოლოს, 2022 წლის იანვრიდან 2024 წლის ივლისამდე, ის ნიდერლანდის თავდაცვის მინისტრი იყო. უფრო ადრე კაიზა ოლონგრენი ამსტერდამის ვიცე-მერიც იყო. ოლონგრენი არის ნიდერლანდის საჰაერო ძალების რეზერვისტი, Chatham Hause-ის მეცნიერ-თანამშრომელი და საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მომუშავე არაერთი ორგანიზაციის საბჭოს წევრი.

ახალი სპეციალური წარმომადგენელი ხელს შეუწყობს ევროკავშირის ადამიანის უფლებათა პოლიტიკის განხორციელებას, ევროკავშირის პოზიციას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულების მხარდაჭერაში. კაიზა ოლონგრენი დაეხმარება ევროკავშირის მიერ ადამიანის უფლებებზე დიალოგს მესამე ქვეყნების მთავრობებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოებასა და სხვა აქტორებს.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლები ხელს უწყობენ ევროკავშირის პოლიტიკისა და ინტერესების გატარებას სხვადასხვა რეგიონსა და ქვეყანაში. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის - კაია კალასის - საქმიანობას დღეს ხელს უწყობს 11 სპეციალური წარმომადგენელი სხვადასხვა სფეროში. მათ შორის ერთ-ერთია ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში მაგდალენა გრონო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG