Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთი დროებით აღადგენს სასაზღვრო კონტროლს გერმანიასთან და ლიეტუვასთან


გერმანიის მიერ სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების საპასუხოდ, პოლონეთი დროებით აღადგენს სასაზღვრო კონტროლს მეზობელ გერმანიასთან და ლიეტუვასთან, განაცხადა სამშაბათს, 1 ივლისს, პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა.

გერმანიის ახალი კანცლერის, ფრიდრიხ მერცის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრება. მას შემდეგ, რაც მან მაისში თანამდებობა დაიკავა, გერმანიამ საზღვარზე მეტი პოლიციელი განათავსა და განაცხადა, რომ თავშესაფრის ზოგიერთ მაძიებელს უკან გააბრუნებდნენ.

მანამდე მერცის წინამორბედმა თებერვალში ექვსი თვით გაახანგრძლივა სასაზღვრო კონტროლი, რომელიც გერმანიამ შარშან შემოდგომაზე დააწესა ყველა საზღვარზე, ქვეყანაში მიგრანტების რაოდენობის შემცირების მცდელობისას.

ტუსკმა განაცხადა, რომ „გერმანული მხარე უარს ეუბნება მიგრანტებს თავის ტერიტორიაზე შესვლაზე. ... პრაქტიკის ცვლილებამ დაძაბულობა და ასიმეტრიის განცდა გამოიწვია“. ტუსკმა თქვა, რომ ეს საკითხი მერცთან განიხილა და „აცნობა, რომ პოლონეთის მოთმინების პოზიცია ნელ-ნელა იწურება“.

ევროკავშირის თანახმად, წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ, დროებით აღადგინონ სასაზღვრო კონტროლი სერიოზული საფრთხის შემთხვევაში, როგორიცაა შიდა უსაფრთხოება. ბრიუსელის თანახმად, სასაზღვრო კონტროლი უნდა იქნას გამოყენებული, როგორც უკიდურესი საშუალება გამონაკლის სიტუაციებში და უნდა იყოს შეზღუდული დროით.

წარსულში ტუსკმა არაერთხელ დაგმო გერმანიის დროებითი სასაზღვრო ზომები, როგორც „მიუღებელი“.

გერმანიის რამდენიმე მეზობელმა ასევე გამოთქვა უკმაყოფილება ბერლინის მიერ გატარებული სასაზღვრო კონტროლის გამო, რადგან ეს აფერხებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების ყოველდღიურ მიმოსვლას და საფრთხეს უქმნის უვიზო შენგენის ზონას.

ტუსკის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, მერცმა ბერლინში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი მთავრობა ძალიან მჭიდრო კონტაქტში იყო პოლონეთის მთავრობასთან, რათა გერმანიის სასაზღვრო კონტროლის გავლენა პოლონეთზე „რაც შეიძლება დაბალი“ ყოფილიყო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG