Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონი პუტინს ტელეფონით ესაუბრა, პირველად 2022 წლის შემდეგ


სამშაბათს, 1 ივლისს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ორსაათიანი სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა.

ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერებს ერთმანეთთან 2022 წლის სექტემბრის შემდეგ არ უსაუბრიათ.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მაკრონმა „ხაზი გაუსვა საფრანგეთის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“ და პუტინს „მოუწოდა, რაც შეიძლება მალე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დამყარებისა და უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის მყარი და ხანგრძლივი მოგვარების მიზნით მოლაპარაკებების დაწყებისაკენ".

კრემლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას პუტინმა უკრაინის კონფლიქტში დასავლეთი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება „გრძელვადიანი“ უნდა იყოს.

„ვლადიმირ პუტინმა [მაკრონს] შეახსენა, რომ უკრაინის კონფლიქტი დასავლეთის სახელმწიფოების პოლიტიკის პირდაპირი შედეგია“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში. პუტინმა დასძინა, რომ დასავლეთის სახელმწიფოები „მრავალი წლის განმავლობაში უგულებელყოფდნენ რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს“ და „უკრაინაში ანტირუსულ პლაცდარმს ქმნიდნენ“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG