ჰამასმა განაცხადა, რომ მზადაა "დაუყოვნებლივ" დაიწყოს მოლაპარაკება, რომელიც შეეხება მძევლების გათავისუფლებას და ომის დასრულების პირობებს.
Reuters-ის თანახმად, ჰამასი აცხადებს, რომ დაასრულა პირველი კონსულტაციები და განხილვები პალესტინელთა ფრაქციებთან და მზადაა სრულად და სერიოზულად ჩაერთოს მოლაპარაკებაში.
იუწყებიან, რომ ჰამასი ეგვიპტისგან, კატარისგან და აშშ-სგან ითხოვს გარანტიებს, რომ 60-დღიანი ზავის შემდეგ გაგრძელდება მოლაპარაკება და არ განახლდება საომარი მოქმედებები. ისრაელის გამოცემა Ynet-ს წყარომ აცნობა, რომ პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი შეთანხმებას 7 ივლისს გამოაცხადებენ, ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე.
ჯანდაცვის ადგილობრივი მესვეურების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელს თავდასხმებს ღაზაში ემსხვერპლა სულ მცირე 138 პალესტინელი.
- 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასი თავს დაესხა ისრაელის სამხრეთს, იმსხვერპლა 1200 ადამიანი, 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.
- პასუხად ისრაელმა ღაზის სექტორში დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, რომელსაც ემსხვერპლა 57 000-ზე მეტი ადამიანი, მოჰყვა ჰუმანიტარული კატასტროფა და ნგრევა.
- საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას ჰამასმა საერთაშორისო შუამავლების ძალისხმევით მძევლების ნაწილი გაათავისუფლა.
ფორუმი