Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხო ქვეყნის მოქალაქის გაზის პისტოლეტით დაყაჩაღების ბრალდებით სამი ახალგაზრდა დააკავეს


ერთ-ერთი ბრალდებული და ნივთმტკიცებად ამოღებული საგნები, მათ შორის, კუპიურები.
ერთ-ერთი ბრალდებული და ნივთმტკიცებად ამოღებული საგნები, მათ შორის, კუპიურები.

პოლიციამ სამი ახალგაზრდა კაცი დააკავა თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქის დაყაჩაღების ბრალდებით.

ექვს ივლისს გავრცელებული განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, დაკავებულთაგან ერთი 20 წლისაა, დანარჩენი ორი კი - 19 წლის.

მათ „ჯგუფური ყაჩაღობა“ ედებათ ბრალად და 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები თბილისში ღამის საათებში, აირის (გაზის) პისტოლეტის გამოყენებით:

  • თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს;
  • „იარაღის დემონსტრირებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვეს თანხა და ნივთები“;
  • „უკანონოდ დაეუფლნენ კომპიუტერულ ტექნიკას, სხვადასხვა ძვირადღირებულ ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“.

პოლიციის ცნობით, ნივთმტკიცებად ამოღებულია „დანაშაულის ჩადენის იარაღი და ყაჩაღობის შედეგად დაუფლებული ნივთები“.

დაზარალებულის ეროვნებას შსს არ აზუსტებს - ავრცელებს მხოლოდ ასაკს (20 წლის).

თუმცა შსს-ის გავრცელებულ ვიდეოში „ნივთმტკიცებად ამოღებულ ნივთებს“ შორის ჩანს კუპიურები, რომელთა უმეტესობაც დენომინირებულია ომანურ რიალში, ხოლო ნაწილი - არაბთა გაერთიანებული საამიროების დირჰემში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG